35-ე ტური ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი გამოდგა #1TVSPORT
35-ე ტური ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი გამოდგა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრებში რეკორდული შედეგიანობა დაფიქსირდა – ხუთ შეხვედრაში 28 გოლი გავიდა, რაც, საშუალოდ, 5,6 გოლია თამაშში. ეს სეზონის ყველაზე შედეგიანი ტური იყო. ამას გარდა, კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა.

35-ე ტური

ტორპედო – შუქურა 9:0

დინამო (თბ) – დინამო (ბთ) 6:2

გაგრა – სამტრედია 4:3

თელავი – საბურთალო 3:0

სამგურალი – დილა 1:0

ყველაზე მეტი გოლი ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ გავიდა, სადაც ქობულეთის „შუქურამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო ანგარიშით 0:9 – გუნდი წინა ტურში „სამტრედიასთანაც“ ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა.

„შუქურას“ ვერც საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რევაზ ძოძუაშვილმა (ის ქუთაისში თამაშზე ავადმყოფობის გამო არ იყო) უშველა – ქობულეთელებმა ბოლო ორ შეხვედრაში 18 გოლი გაუშვეს, „შუქურას“ ძირითადი შემადგენლობის წევრებს დავალიანების გასტუმრებამდე თამაში არ სურთ და გუნდი გამოუცდელი ფეხბურთელებით ასპარეზობს.

შედეგიანობით მეორე „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი იყო, სადაც „დინამო თბილისმა“ უკვე გაჩემპიონებულ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 6:2 მოუგო.

ბათუმის „დინამოსთან“ სამი საგოლე გადაცემა შეასრულა „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ლაშა ოდიშარიამ.

35-ე ტურში ჰეთთრიკი „ტორპედოს“ შემტევმა, ნიკოლა ნინკოვიჩმა შეასრულა, ხოლო დუბლი – მისმა ორმა თანაგუნდელმა, გიორგი ფანცულაიამ და დებიუტანტმა, 19 წლის თავდამსხმელმა, დავით იმედაძემ.

„ტორპედოს“ ორმა ფეხბურთელმა, გიორგი არაბიძემ და ირაკლი ბუღრიძემ, გოლთან ერთად, ანგარშზე ორი საგოლე პასი ჩაიწერეს.