31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია გამოკითხვებს აგრძელებს
31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია გამოკითხვებს აგრძელებს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია გამოკითხვებს აგრძელებს. კომისიის წევრების კითხვებს დღეს გურჯაანის მესამე უბნისა და ნაძალადევის 66-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ამ ოლქების თავმჯდომარეები უპასუხებენ. კითხვები ძირითადად ამ უბნებზე დაფიქსირებულ ტექნიკურ ხარვეზებს შეეხება. ორშაბათს კი, პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასა და პროკურატურის წარმომადგენელს ელოდებიან.

„დაახლოებით 15 ადამიანისგან მივიღებთ ახსნა-განმარტებებს მთელი დღის განმავლობაში და ვნახავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა. გვაქვს გარკვეული მწვავე შეკითხვები, რაც დაკავშირებულია ამ უბნებზე ტექნიკურ ხარვეზებთან, რომელიც გამოვლინდა გადათვლის შედეგად და საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოს ამ პროცესს. გაირკვევა, კონკრეტულ უბანზე რა სახის ტექნიკური ხასიათის დარღვევები იყო, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, ვისი ბრალეულობით თუ გადაცდომით მოხდა ეს ყველაფერი და შესაბამისი შეფასებებიც გაკეთდება კომისიის წევრების მხრიდან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ.