31 მაისს, 31-ე ყრილობა - დელეგატები ბათუმის ნაცვლად თბილისში შეიკრიბებიან #1TVSPORT
31 მაისს, 31-ე ყრილობა - დელეგატები ბათუმის ნაცვლად თბილისში შეიკრიბებიან #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) 31-ე, ყრილობა სასტუმრო შერატონში გაიმართება. სფფ-მ ყრილობის დღედ 31 მაისი გამოაცხადა.

„31 მაისს, 31-ე ყრილობა სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ყრილობა მუშაობას 11:00 საათიდან დაიწყებს, ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხი შემოგთავაზებთ“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

ეს იქნება ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური ყრილობა, რომელიც მხოლოდ საანგარიშო ფუნქციას ასრულებს – სფფ-ს პრეზიდენტი დელეგატების წინაშე მოხსენებით გამოდის და წლის საქმიანობას აჯამებს, აფასებენ საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ასპარეზობას, განიხილავენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სფფ-ის წესდებაში შესატან ცვლილებებს და ბიუჯეტს ამტკიცებენ. ასევე, დელეგატებს უთანხმებენ სუბიექტებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

ცნობილია, რომ ყრილობის დღის წესრიგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტმა 11 მაისამდე დაამტკიცა. აღმასკომის წევრებმა განიხილეს ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაციის საკითხი, რომელსაც შარშან სუბიექტის სტატუსი​ ჩამოერთვა. ამას გარდა, იმ კლუბების საკითხიც განიხილეს, რომლებიც სუბიექტის სტატუსს ითხოვენ.

აღსანიშნავია, აპრილში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ისტორიაში პირველად, ორგანიზაციის ყრილობა თბილისის ნაცვლად ბათუმში გაიმართებოდა, მაგრამ საბოლოოდ, დელეგატების შეკრება ისევ თბილისში გადაწყდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა, საიუბილეო 30-ე ყრილობა 2020 წლის 13 სექტემბერს, სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა და გამორჩეული იმით იყო, რომ პანდემიის გამო არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები ყრილობაზე არ დაუშვეს და ღია სივრცეში ჩატარდა.