31 აგვისტოს წილისყრაა - გაირკვევა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს თასის შესარჩევზე #1TVSPORT
სამშაბათს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის თასის შესარჩევ ეტაპზე საკუთარ მეტოქეებს შეიტყობს. წილისყრა შვეიცარიაში, 31 აგვისტოს თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება.
ევროპიდან შესარჩევ ეტაპზე 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც რვა კალათში გადანაწილდება. 32-დან 8 ნაკრებმა წინასწარი საკვალიფიკაციო წარმატებით დაძლია: სლოვაკეთმა, ლატვიამ, მონტენეგრომ, ბელარუსმა, ისლანდიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, პორტუგალიამ და შვედეთმა.
დანარჩენი 24 გუნდი ევრობასკეტი 2022-ის მონაწილეა:
ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, სერბეთი, იტალია, ლიეტუვა, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი, ხორვატია, უკრაინა, ფინეთი, საქართველო, ბელგია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ბოსნია/ჰერცეგოვინა, ნიდერლანდები, ესტონეთი, ბულგარეთი.
წილისყრის შედეგად ეს გუნდები ოთხგუნდიან რვა ჯგუფში გადანაწილდება. თითოდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ტრიო გავა (24 გუნდი). მეოთხეადგილოსანი კი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშება.
24 გუნდი მეორე ეტაპზე შექმნის ექვსგუნდიან ოთხ ჯგუფს: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.
ნაკრებებს პირველ ჯგუფში ნათამაშები შედეგები მომდევნო ეტაპზეც გადაჰყვებათ და გამართავენ ექვს (შინ და გარეთ) მატჩს სხვა ჯგუფიდან შემოსული სამი გუნდის წინააღმდეგ. მსოფლიო ჩემპიონატზე საბოლოოდ თითო ექვსგუნდიანი ჯგუფიდან საუკეთესო სამი გავა, სულ – 12. შეგახსენებთ, რომ სწორედ ასეთი სისტემით ითამაშა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.
თარიღები
რაც შეეხება მატჩების გამართვის თარიღებს: ფიბამ თვეები უკვე დაადგინა – ყოველ გუნდს თითო ფანჯარაში ორი მატჩის გამართვა მოუწევს.
პირველი ეტაპი
2021 წლის ნოემბერში;
2022 წლის თებევრალში;
2022 წლის ივნისში;
მეორე ეტაპი
2022 წლის აგვისტო;
2022 წლის ნოემბერი;
2023 წლის თებერვალი.
კალათები
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრის წინ ფიბა-ს გუნდები კალათებში ჯერ არ დაუხარისხებია, თუმცა როგორც წესი, ამჯერედაც დაეყრდნობა Nike-ის მსოფლიო რეიტინგს, რომელშიც საქართველო 37-ე ადგილზეა, ევროპაში – მე-18.
თუკი ამ რეიტინგს მივყვებით, საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში მოხვდება:
I კალათა: ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, სერბეთი, იტალია, ლიეტუვა, საბერძნეთი, გერმანია.
II კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ლატვია, უკრაინა.
III კალათა: ფინეთი, საქართველო, ბელგია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ბოსნია/ჰერცეგოვინა, ნიდერლანდები.
IV კალათა: ესტონეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ბელარუსი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია, შვედეთი.
თუმცა არის ერთი ნიუანსი, რამაც, შეიძლება ამ განაწილებაში ცვლილება შეიტანოს: მონტენეგრო და ლატვია რეიტინგში საქართველოზე ზემოთ არიან, მაგრამ ისინი ევრობასკეტი 2022-ის მონაწილე 24 გუნდში ვერ მოხვდნენ და მსოფლიოს შესარჩევზე თამაშის უფლება წინასწარი საკვალიფიკაციოდან მოიპოვეს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ფიბა საკვალიფიკაციოდან დაწინაურებულ რვავე ნაკრებს ერთ (მეოთხე კალათაში) მოათავსებს.
თუ ასე მოხდა, საქართველოს ნაკრები ფინეთთან ერთად მესამედან მეორე კალათაში აინაცვლებს და წილისყრის წინ ასეთ სურათს მივიღებთ:
I კალათა: ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, სერბეთი, იტალია, ლიეტუვა, საბერძნეთი, გერმანია.
II კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი, ხორვატია, უკრაინა, ფინეთი, საქართველო.
III კალათა: ბელგია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ბოსნია/ჰერცეგოვინა, ნიდერლანდები, ესტონეთი, ბულგარეთი.
IV კალათა: მონტენეგრო, ლატვია, სლოვაკეთი, ბელარუსი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია, შვედეთი.
წინაისტორია
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორედ ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოხვედრამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
პირველ ჯგუფში ქართველები სერბეთთან, გერმანიასთან და ავსტრიასთან მოხვდნენ, გავიდნენ მეორე ეტაპზე, სადაც დაუპირისპირდნენ საბერძნეთს, ისრაელსა და ესტონეთს. საბოლოოდ ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფი ხუთი მოგებით დაასრულა და ორით ჩამორჩა მესამეადგილოსან სერბეთს. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ჯგუფიდან გერმანია, საბერძნეთი და სერბეთი გავიდნენ.