3 ივლისს საქართველოს სუპერთასის ფინალი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება #1TVSPORT
3 ივლისს საქართველოს სუპერთასი გათამაშდება – 2024 წლის გათამაშების ფინალში ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდებიან.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებდა, მაგრამ ბოლო მომენტში სტადიონი შეიცვალა – მატჩი, „დინამო არენის“ ნაცვლად, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.
20:00 საათზე კი მესამე ადგილისთვის მატჩში ბათუმში ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და „იბერია“ დაუპირისპირდებიან.
საქართველოს სუპერთასის 2024 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 28 ივნისს გაიმართა და საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობდა. ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი, ბათუმის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა, „დინამო თბილისმა“ კი დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელ „იბერიას“ 2:0 აჯობა.
საქართველოს სუპერთასი ახალი ფორმატით 2023 წლიდან იმართება. ჯილდოსთვის ევროთასების საგზურის მფლობელი გუნდები იბრძვიან – ფორმატის მიზანი ევროტურნირების შეხვედრებისთვის გუნდების უკეთ მომზადებაა.