28 დეკემბერი - კინოს დაბადების დღე!
28 დეკემბერი - კინოს დაბადების დღე!

ზუსტად 123 წლის წინ მსოფლიომ საოცარი საჩუქარი მიიღო – პარიზის „გრან კაფეში“ კინოფილმის პირველი საჯარო ჩვენება გაიმართა.

ლუი და ოგიუსტ ლუმიერებმა მოძრავ ფოტოგამოსახულებებზე ექსპერიმენტები ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყეს, 1895 წელს მათ „სინემატოგრაფის“ ტექნოლოგია დააპატენტეს,  იმავე წლის 22 მარტს ვიწრო წრისთვის პირველი დემონსტრაცია გამართეს, ხოლო საჯარო ჩვენება წლის ბოლოსთვის დაგეგმეს – სწორედ ამიტომ ითვლება 28 დეკემბერი კინოს დაბადების დღედ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოვლენებამდე ორი წლით ადრე, ლეგენდარულმა ამერიკელმა გამომგონებელმა თომას ედისონმა შექმნა პირველი კინემატოგრაფიული მოწყობილობა  – „კინეტოსკოპი“, მაგრამ აპარატით სარგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, სწორედ ამიტომ კინოს შემქმნელებად ძმები ლუმიერები ითვლებიან.

გასული 123 წლის განმავლობაში კინომ უამრავი რევოლუციური ცვლილება განიცადა, როგორც ტექნოლოგიური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით. ფაქტობრივად, შეუძლებელია იმ გავლენის შეფასება, რაც ხელოვნების ამ დარგმა მოახდინა ცივილიზაციაზე – სინემა, რომელიც უბრალო სახალისო ექსპერიმენტად იყო ჩაფიქრებული, ყველაზე გავრცელებულ და მაღალშემოსავლიან ინდუსტრიად იქცა.

შვიდი საინტერესო ფაქტი კინოს ისტორიიდან

1895 პირველი ფილმი – ძმები ლუმიერების „მუშების გამოსვლა ქარხნიდან“

1896 პირველი მხატვრული ფილმი სპეცეფექტებით – „ეშმაკის ციხესიმაგრე“ (Le manoir du diable), რეჟისორი: ჟორჟ მელიესი

1901 პირველი ფერადი (ექსპერიმენტული) ფილმი – ავტორი: ედუარდ ტერნერი

1908 პირველი ანიმაციური ფილმი – „ფანტასმაგორია“, რეჟისორი: ემილ კოლი

1927 პირველი სრულმეტრაჟიანი ხმოვანი, მუსიკალური ფილმი – „ჯაზის მომღერალი“, რეჟისორი: ალან კროსლანდი

1922 პირველი 3D ფილმი – „სიყვარულის ძალა“, რეჟისორები: ნეთ დევერიჩი და ჰარი ფეირელი

 

2009 ყველაზე შემოსავლიანი ფილმი კინემატოგრაფის ისტორიაში – „ავატარი“, რეჟისორი: ჯეიმს კამერონი. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამ ფილმმა შემქმნელებს 2 მილიარდ 788 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.

 

მსოფლიო ტენდენციებს არც საქართველო ჩამორჩა, პირველ ქართულ ფილმად 1912 წელს ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული „აკაკის მოგზაურობა“ ითვლება.

პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე“, ალექსანდრე წუწუნავამ 1916-1918 წლებში გადაიღო.