27 თებერვალს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება
27 თებერვალს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება

27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაერო-ს მიგრაციის სააგენტო – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირის ხელშეწყობით.

დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ფორუმზე ხაზი გაესმევა ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.

ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმევა იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს. ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.