27 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
27 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საკრებულოების შუალედური არჩევნები დანიშნა.

ცესკო-ს ცნობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.

შუალედური არჩევნები ჩატარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არლის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში. შესაბამისი განკარგულება კომისიის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. არჩევნები ჩატარდება შვიდ საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6776 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკო-სთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები გაუწევენ. დღეს გამართულ სხდომაზე ცესკო-მ ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ცესკო-ს მიერ ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. ცესკო-მ დღესვე დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა (მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 50 ამომრჩევლის ხელმოწერით). სხდომაზე ასევე განისაზღვრა სახელმწიფოს მიერ შუალედური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესიც.