დღეიდან ირანი ურანის გამდიდრებას იწყებს და უახლოეს 10 დღეში 300-კილოგრამიან ლიმიტს გადააჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია ავრცელებს.
საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ქვეყანას ურანის გამდიდრება მხოლოდ 3.67 პროცენტამდე შეუძლია. მცირედ გამდიდრებული ურანის წარმოება კი 300 კილოგრამამდეა დაშვებული. ე.წ. მძიმე წყლისთვის ლიმიტი 130 ტონას შეადგენს.
როგორც ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, ირანმა უკვე ოთხჯერ გადააჭარბა მცირედ გამდიდრებული ურანის წარმოების ლიმიტს და ქვეყნის მოთხოვნიდან გამომდინარე, ურანის გამდიდრების პროცესის დაწყებასაც გეგმავს. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ატომური ელექტროსადგურისთვის 5 პროცენტამდე გამდიდრებული ურანია საჭირო, ხოლო საკვლევი რეაქტორისთვის 20 პროცენტამდე.
ამასთან, თეირანი ევროკავშირს მოუწოდებს, უახლოეს ორ თვეში მიიღონ ზომები ამერიკული სანქციებისგან ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი ურანის გამდიდრებას უფრო მაღალ დონეზე დაიწყებს.
ირანმა ბირთვული შეთანხმებით შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვაზე უარი ნაწილობრივ მაისში განაცხადა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, რაც საერთაშორისო შეთანხმებას აშშ გამოეთიშა და თეირანს სანქციები დაუწესა.