26 მაისს საქართველოსა და უცხოეთში 300-მდე ღონისძიება გაიმართება
26 მაისს საქართველოსა და უცხოეთში 300-მდე ღონისძიება გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს 100-ზე მეტ ქალაქში 300-მდე ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებები გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

19-20-21 მაისს პარლამენტის ეზოში კულტურული საღამოები გაიმართება. დამოუკიდებლობის დღის წინა დღეებში პარლამენტის ეზო მოსახლეობისთვის გაიხსნება, სადაც იმპროვიზირებულ სცენაზე გაიმართება სხვადასხვა თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები. მათ შორის, ცხინვალის თეატრის სპექტაკლი „ალი და ნინო“, წარმოდგენილი იქნება პროექტი „ვალსების საღამო“, მუსიკისა და დრამის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „გაყრა“.

25 მაისს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იხსნება საგამოფენო დარბაზი – „დამოუკიდებლობის დარბაზი“. მუდმივმოქმედი ორიგინალური გამოფენა-კომპოზიცია სამ ნაწილად იყოფა – მე-19 საუკუნე, 1918–1921 წლები და საბჭოთა პერიოდი. დარბაზში წარმოდგენილი იქნება უნიკალური ნივთები და ფოტოები, სხვაგვარი რაკურსით მოწოდებული დამოუკიდებლობის იდეა.

26 მაისის საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება თეატრალიზებული ინსცენირება 100 წლის წინანდელი მოვლენის. მომენტის, როდესაც სწორად ამ ადგილას ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ასევე გაიმართება გალაკონცერტი. სპეციალურად კონცერტისთვის ხუთი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი განსხვავებული ჟანრის ნამუშევრებს შექმნის, ასი წელი ხუთ პირობით ეპოქად იქნება დაყოფილი. კონცერტს აკომპანირებას თანამედროვე ქართული სადირიჟორო ხელოვნების ერთ-ერთი წარმატებული წარმომადგენელი მირიან ხუხუნაიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრთან და გუნდთან ერთად გაუწევს.

თბილისში რუსთაველის გამზირზე ტრადიციულად მოეწყობა სახალხო საზეიმო სეირნობა. გამზირი დაყოფილი იქნება ზონებად: საბავშვო, გასართობი, საგანმანათლებლო დანიშნულების, კაფეები, საკონცერტო სცენები, ბაზრობები და სხვა. წელს იქნება ორი ბაზრობა: სტარტაპ მარკეტი და ბაზრობა 20-იანი წლების სტილში თავისუფლების მოედანთან. გაცოცხლდება კაფე „ქიმერიონი“. გაიმართება მუსიკალური წარმოდგენა უცხოელი ტურისტებისთვის. სპექტაკლი “Welcome to Georgia” ქართულ-ინგლისურ ენაზეა და სუბტიტრებით ითარგმნება.

რაც შეეხება რეგიონებს, ქუთაისის ქუჩებში მოხდება ცისფერყანწელთა პერიოდის გაცოცხლება. მუსიკალური და თეატრალიზებული წარმოდგენებით. ქუჩის კაფეები, ევროპულად გაფორმებული აივნები და საუკუნის დასაწყისის კოსტიუმირებული გმირები, ერთი დღით ქალაქის ისტორიულ ნაწილს დააბრუნებენ ბოჰემურ ეპოქაში. ცისფერყანწელების ქუჩაზე მოსული სტუმარი ძველ დროში იმოგზაურებს. ამ განწყობას მსახიობები და მუსიკოსები შეუქმნიან. ადგილობრივი გიდების მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროებში გაიმართება ტური, გამოიფინება ისტორიული მასალები, შესრულდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომი და ეთერი” არიები, კლასიკური მუსიკა.

ღონისძიების ბოლოს მთელი საქართველოს მასშტაბით, მთავარ მოედნებზე გაიმართება ცივი ფოიერვერკი. თბილისში ის ჩამოიყრება რუსთაველის გამზირზე ვერტმფრენით. ასევე რადიო და სატელევიზიო ეთერებში გაიჟღერებს საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება უცხოეთშიც, დიდი ბრიტანეთში, სევენოუკი – მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახლში ჩატარდება კულტურულ-სამეცნიერო ღონისძიება “Centenary of Georgia’s Independence and European influences in steps of Wardrops ”, ბერნში გაიმართება შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების კამერული მუსიკის კონცერტი და გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.