26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების, მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დღეს 23:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე.

„24 მაისს, 23:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე და მასზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე (შ. დადიანის, კოტე აფხაზისა და გ. ლეონიძის ქუჩებზე), ასევე ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

ავტომანქანები რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს. საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.