ქართველ ოლიმპიელ ნოდარ ქუმარიტაშვილს დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა. ახალგაზრდა მოციგავესთვის 2010 წელს ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საბედისწერო აღმოჩნდა.
ვანკუვერში გასამართი თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს 21 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა.
ბაკურიანელმა სპორტსმენმა ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვებისას მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.