საქართველოში ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 ივნისს ჩამოვლენ
საქართველოში ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 ივნისს ჩამოვლენ

25-26 ივნისს საქართველოს ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოვლენ.

საგარეო უწყების ცნობით, ალექსანდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. ვიზიტის დასასრულს კი, გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის და შეაჯამებენ სამხრეთ კავკასიის ტურნეს შედეგებს.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება მიიღეს 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, საქართველოში ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და რამდენად ჩართულია ევროკავშირი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.