24 ფრანგული გოლი „ჯვაროსნებისგან“ - ქართული ლეგიონის ყველაზე წარმატებული სეზონი ტოპ ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთში ლიგა 1-ის სეზონი დასრულდა, რომელიც ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა – ტოპ ლიგებში ქართველებს ასე შედეგიანად არასოდეს უთამაშიათ.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ იანვარში გადავიდა, სადაც 14 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მანამდე „ნაპოლის“ ფორმით იტალიის სერია A-ში ანგარიშზე 5 გოლი და 3 ასისტი ჩაიწერა. ანუ ტოპ ლიგაში მის ანგარიშზე სულ 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

გიორგი მიქაუტაძემ ბავშვობის ოცნება აისრულა და მშობლიურ „ლიონში“ გადავიდა. ქართველ ბომბარდირს სადებიუტო სეზონში სრული სათამაშო დრო არ ჰქონია და ამის გათვალისწინებით, შესანიშნავი შედეგი აჩვენა – 34 შეხვედრაში 11 გოლი და 6 ასისტი. შარშან „მეცში“ მის ანგარიშზე 14 გოლი და 4 პასი გახლდთ.
საფრანგეთის ჩემპიონატში ზურიკო დავითაშვილმაც სადებიუტო სეზონი ჩაატარა და ფინიშამდე 32 მატჩში გატანილი 9 გოლით და 8 საგოლე გადაცემით მივიდა. მართალია, მისი „სენტ-ეტიენი“ ლიგიდან გავარდა, მაგრამ, სავარაუდოდ, ქართველი შემტევი ლიგა 2-ში აღარ დაბრუნდება.
სულ მიმდინარე სეზონში ქართული სამეულის ანგარიშზე 24 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა, ანუ ლიგა 1-ში „ჯვაროსნები“ 41 გოლში მონაწილეობდნენ.

ქართველების მონაგარი ლიგა 1-ის დასრულებულ სეზონში:
გიორგი მიქაუტაძე, „ლიონი“
34 მატჩი, 11 გოლი, 6 ასისტი
ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენი“
32 მატჩი, 9 გოლი, 8 ასისტი
ხვიჩა კვარაცხელია, „პარი სენ-ჟერმენი“
14 მატჩი, 4 გოლი, 3 ასისტი