22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა
22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

კელი დეგნანმა მოუწოდა სამხედროებს, მიღებული ცოდნა გაუზიარონ საქართველოს თავდაცვის ძალების დარჩენილ ნაწილს.

„მოგესალმებით ბატონო მინისტრო, ბატონო გენერალო. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დამკვირვებელ-მაკონტროლებელ და მრჩეველთა ჯგუფს, 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს, გილოცავთ პროგრამის დასრულებას. ჯარისკაცებო, თქვენ ინარჩუნებთ მტკიცე ძალისხმევას, რომ ამ რთულ დროში, მოემზადოთ საქართველოს დასაცავად. ამ სამი თვის განმავლობაში თქვენ გაიარეთ რთული სასწავლო პროგრამა, გლობალური პანდემიის და თუნდაც ქარბუქის მიუხედავად. თქვენ ჩამოაყალიბეთ თქვენი გუნდები და განავითარეთ თქვენი უნარები და ისწავლეთ, რომ არა მხოლოდ საერთო აღჭურვილობას, არამედ საერთო პრინციპებს და საერთო სამხედრო კულტურას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ურთიერთთავსებადობისთვის და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. მე გთხოვთ, მიიტანოთ აქ ნასწავლი გაკვეთილი თქვენს განლაგების ადგილებში და მოგიწოდებთ, გაუზიაროთ ის საქართველოს თავდაცვის ძალების დარჩენილ ნაწილს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელ პერსონალს.

„GDRP-ის მე-8 როტაციის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ თქვენ ახლა უკვე გაქვთ წამყვანი როლი GDRP-ის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობაში, მათი კულმინაციური სწავლების ღონისძიებების ფარგლებში. თქვენი პროფესიონალიზმი და პროგრამის მონაწილეთა შესაძლებლობები ადასტურებს, რომ მისიის ამოცანით მართვა თავდაცვის ძალებში ღრმად იდგამს ფესვებს. სამომავლოდ, აუცილებელია გააგრძელოთ დისციპლინირებული ინიციატივისა და დეცენტრალიზებული გადაწყვეტილების მიღების წახალისება თქვენს მიერ მომზადებულ ქვედანაყოფებში. ეს არის თქვენი მაგალითი, რომელიც საშუალებას მისცემს სერჟანტებსა და ოფიცრებს, შეავსოთ სივრცე საკლასო ინსტრუქციიდან საველე წვრთნებამდე.

გავლენა, რომელიც თქვენ უახლოეს წლებში მთელს თავდაცვის ძალებზე გექნებათ, დიდად მნიშვნელოვანია. მსურს ასევე მადლობა გადავუხადო ოფიცრების სერჟანტებსა და ჯარისკაცებს ასკალონის ტაქტიკური ჯგუფიდან, გაწეული შრომისა და თავდადებისთვის. თქვენ, თითქმის ექვსი თვის განმავლობაში, გვერდით ედექით ქართველ პარტნიორებს, თქვენი ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს. იცოდეთ, რომ ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს, თქვენს უნარებს, თქვენს პროფესიონალიზმს და თქვენს თავგანწირვას, რადგან თქვენ აღრმავებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობას და აუმჯობესებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. თქვენ ხართ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის კრიტიკული ნაწილი და შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი წვლილით გლობალურ უსაფრთხოებაში.

როდესაც დღეს აქ შეკრებილ ამ ჯარისკაცებს ვუყურებ, ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს ძალისხმევა, განავითაროს მსოფლიო დონის მდგრადი სამხედრო შესაძლებლობები, ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შთამაგონებელია, როდესაც ეს მხარდაჭერა გამოიხატება გაწვრთნილ მამაკაცებში და ქალებში, რომლებიც მზად არიან დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, თუ საჭიროა მათი სიცოცხლის ფასადაც. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ წვრთნების ამ როტაციის დასრულებას. მე აღფრთოვანებული ვარ და პატივს ვცემ თქვენს ნებას, რომ დაიცვათ ეს ერი. გისურვებთ მშვიდობას და თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი მე-8 ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის – GDRP-ის ფარგლებში მომზადდა. ქვედანაყოფმა ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარა. წვრთნები ქვედანაყოფების მიერ ამოცანით მართვის პირობებში ბრძოლის შესაძლებლობაზე იყო ორიენტირებული. მე-8 როტაციის მომზადების პროცესში საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, პირველი დივიზიის, პირველი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი „ასკალონი“ უწევდა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) 2018 წელს დაიწყო. GDRP-ის მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, თავდაცვის ძალების ცხრა სამანევრო ბატალიონის დაკომპლექტება, აღჭურვა და გაწვრთნაა გათვალისწინებული.