21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ადამია – საბერძნეთი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ეს ჩვენს წაგებას არ ამართლებს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთთან დამარცხდა (0:3). მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს 21-წლამდელების მწვრთნელმა გიორგი ადამიამ (ეროვნულ გუნდში წასული რამაზ სვანაძე ჩაანაცვლა).
„თამაში ძალიან მძიმედ დავიწყეთ. პირველ 10 წუთში ორი გოლი გავუშვით. ასეთი დასაწყისის მერე შეხვედრის შემოსატრიალებლად ძალების მოძებნა რთულია. იყო პერიოდი როცა ისე ავთამაშდით, როგორც გვსურდა. სამწუხაროდ, ეს უპირატესობა გოლად ვერ ვაქციეთ. იგივე იყო მეორე ტაიმში – რაც დავგეგმეთ, არ გამოვიდა. ტაქტიკა შევცვალეთ და არც ამან გაამართლა. საბერძნეთი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ეს ჩვენს წაგებას არ ამართლებს.
წინ ორი გასვლითი თამაში გვაქვს. ჩვენი მიზანია, ეს შესარჩევი ღირსეულად ჩავამთავროთ. გვსურს ჩრდილოეთ ირლანდიაში მოსაგებად ვითამაშოთ, გერმანიაში კი ისე ვიასპარეზოთ, როგორც ჩვენს გუნდს შეეფერება.
მინდა რამაზ სვანაძეს ეროვნულ ნაკრებში დანიშვნა მივულოცო. ზუსტად ვიცი, რამხელა გზა გაიარა თავისი ოცნების ასრულებამდე. მინდა რამაზს და ეროვნულ ნაკრებს წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ სვანაძე მაქსიმუმს გააკეთებს.
რაც შეეხება ჩემს დებიუტს, ვერ ვიტყვი, რომ პირველი მატჩი იღბლიანი იყო, თუმცა მაინც რთულია ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში რაღაცის გაკეთება. რაც გამოვიდა, თავადაც ნახეთ.
ბიჭებს ავუხსენი, რომ სვანაძის ამბავი მათთვის მოტივაცია უნდა ყოფილიყო. 7 წელია რამაზი ამ ბიჭებს მოჰყვება და ძალიან კარგად იცნობს. ახლა მათ მეტად დააკვირდება. ამ ახალგაზრდებს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის კარგი შანსი აქვთ. სვანაძე როგორც თავის ნაკრებს მიაქცევს ყურადღებას, ასევე 21 წლამდელებს“, – ამბობს გიორგი ადამია.