21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
დღეს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩის ბედი ესპანელმა ხორხე კუენკამ გადაწყვიტა, რომელმაც მე-80 წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ფინალის საგზური პორტუგალიელებმა მოიპოვეს. მეორე ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებების ფინალურ მატჩს ქართველი მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი და მისი ბრიგადა განსჯიან – ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია იქნებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი – ირაკლი კვირიკაშვილი.
პორტუგალია-გერმანიის ფინალის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ 21 წლამდე ნაკრებთა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი რუმინეთთან ერთად საქართველო იქნება – ეს გადაწყვეტილება 2020 წლის 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ დღესვე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩის დაპირისპირების პირდაპირ ტელერეპორტაჟს, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე საფეხბურთო კლუბ „ტვენტეს” სტადიონზე დაიწყება, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3) განახორციელებს.