2027 წელს ესტონეთში მინიმალური ხელფასი 997 ევრომდე გაიზრდება

11:31, 26.11.2026
ევრო (საილუსტრაციო ფოტო)

ევრო (საილუსტრაციო ფოტო)

ესტონეთის პროფკავშირების კონფედერაციასა და დამსაქმებელთა კონფედერაციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, მომავალ წელს ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 5.4 პროცენტით გაიზრდება და თვეში 997 ევროს, ხოლო საათში 5.93 ევროს გაუტოლდება.

ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს მინიმალური ანაზღაურება თვიურად 51 ევროთი, საათობრივად კი 26 ცენტით მოიმატებს.

მიმდინარე წელს მინიმალური ანაზღაურება თვეში 946 ევროს, საათში კი 5.67 ევროს შეადგენდა. შეთანხმების მიღწევის გაჭიანურების გამო, ცვლილება ტრადიციული 1 იანვრის ნაცვლად, 1 აპრილს ამოქმედდა.

ესტონეთის დამსაქმებელთა კონფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანდო სუტერმა განაცხადა, რომ მომავალ წელს მინიმალური ხელფასის 5.4-პროცენტიანი ზრდა ფასების პროგნოზირებულ მატებას ორჯერ აღემატება.

„ამავდროულად, ჰარიუმაის და ტარტუს მაზრების გარდა, ახალი მინიმალური ხელფასი რეგიონული საშუალო ანაზღაურების 50 პროცენტს გადააჭარბებს. მისმა კიდევ უფრო სწრაფმა ზრდამ კი, შესაძლოა, ესტონეთის რამდენიმე რეგიონში სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვიოს. მინიმალური ხელფასის მდგრადი ზრდა მხოლოდ შრომის პროდუქტიულობის მატებასთან ერთად არის შესაძლებელი, თუმცა, ბოლო წლებში, ანაზღაურება პროდუქტიულობაზე სწრაფად იზრდებოდა. შრომის ნაყოფიერების გასაზრდელად, ბიზნესს სტაბილური საგადასახადო გარემო და სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების მხარდამჭერი გადაწყვეტილებები სჭირდება, დასაქმებულებს კი ხელფასის გაზრდის ყველაზე საიმედო შესაძლებლობას საკუთარი უნარების განვითარება აძლევს“, – აღნიშნა მან.

ესტონეთის პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელის, კაია ვასკის თქმით, დასაქმებულებისა და მათი ოჯახების შემოსავლის უდიდესი ნაწილი კომუნალურ გადასახადებსა და საკვებზე იხარჯება.

„დიდი მნიშვნელობა აქვს, მოქალაქეები გაზრდილ ანაზღაურებას იანვარში შესრულებული სამუშაოსთვის მიიღებენ თუ გაზაფხულამდე მოუწევთ ლოდინი. ხელფასის იანვრიდან მომატება მათ, შესაძლოა, ზამთარში გათბობის გადასახადის გადახდაში დაეხმაროს, რომლის დასაფარადაც ამჟამად საკმარისი თანხა არ აქვთ, რადგან ესტონეთის მინიმალური ხელფასის მსყიდველუნარიანობა ევროკავშირში კვლავ ყველაზე დაბალია“, – განაცხადა ვასკმა.

მინიმალურ ან მასთან მიახლოებულ ხელფასს ესტონეთში დაახლოებით 37 000 ადამიანი იღებს.

მინიმალური ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებული ეს ცვლილება ახლა ესტონეთის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR -Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: სიიმ ლიოვი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

25 ნოემბერი, 2026 წელი, 11:26 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი