2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: VAR-ის მსაჯს თეთრკანიანთა უპირატესობის ჟესტის ჩვენებაში ადანაშაულებენ

11:34, 16.06.2026

2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას შენიშნეს, როგორ აჩვენებდა ერთ-ერთი მსაჯი ჟესტს, რომელსაც ზოგიერთები თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეთა სიმბოლოდ მიიჩნევენ. ეს მოხდა VAR-ის მომსახურე ოფიციალური პირების წარდგენისას, გერმანია-კურასაოს მატჩის დაწყებამდე სულ რაღაც რამდენიმე წამით ადრე. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გამოსახავს ავსტრალიელი მსაჯი, შონ ევანსი მარჯვენა ხელით ჟესტს „OK“, რომლის დროსაც მისი ცერა და საჩვენებელი თითები წრეს ქმნიან, ხოლო დანარჩენი სამი თითი გაშლილია.

სოციალურ ქსელებში ბევრმა ეს თეთრკანიანთა უპირატესობის გამომხატველ სიმბოლოდ მიიჩნია, რომელიც ცნობილია როგორც „White Power“ (სამი გაშლილი თითი W-ს განასახიერებს, ხოლო წრე P-ს ზედა ნაწილს აღნიშნავს). ისტორიულად, ეს სიმბოლო უბრალოდ „OK“-ს ნიშნავდა, მაგრამ, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, ბოლო წლებში ის „White Power-ის“ სიმბოლოდ იქცა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ჟესტი აჩვენა ავსტრალიელმა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტმა, ბრენტონ ტარანტმა მეჩეთში 50 ადამიანის მკვლელობისთვის 2019 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ სასამართლო პროცესზე.

რასისტული ჟესტი თუ, უბრალოდ, ხუმრობა?

ეს ჟესტი სიძულვილის სიმბოლოდ არის კლასიფიცირებული „ანტი-დიფამაციური ლიგის“ მიერ, რომელიც ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის. თუმცა, ორგანიზაცია განმარტავს, რომ მას ნაციონალისტური დატვირთვა ყოველთვის არ გააჩნია. ბევრი მოსწავლისთვის ეს ნიშანი ნაცნობია ეზოს თამაშიდან, რომლის მონაწილეებს უფლება აქვთ დაარტყან ნებისმიერს, ვინც პირდაპირ შეხედავს მას.

„ხელის ჟესტის „OK“-ის ტრადიციული მნიშვნელობით გამოყენების დროს, ისევე როგორც თეთრკანიანთა უპირატესობასთან კავშირის არმქონე სხვა ჟესტების გამოყენებისას, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა ნაჩქარევი დასკვნები არ გამოვიტანოთ იმ პირის განზრახვებზე, ვინც ეს ჟესტი გამოიყენა,“ – გვაფრთხილებს „ანტი-დიფამაციური ლიგა“.

უფრო მკაცრი და კატეგორიულია ფეხბურთში უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ორიენტერებული ანტიდისკრიმინაციული ქსელის, Fare-ს პოზიცია. კვირა საღამოს გავრცელებულ და „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ ციტირებულ მის განცხადებაში აღნიშნულია: „ჩვენი ექსპერტების აზრით, ეს ჟესტი აშკარად ჰგავს „OK“-ის ამოტრიალებულ ვერსიას, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, ულტრამემარჯვენე წრეებში „თეთრკანიანთა ძალაუფლების“ (white power) სიმბოლოდ გამოიყენება“.

„რატომ უნდა გამოიყენოს VAR-ის წარმომადგენელმა ეს სიმბოლო დიდ საერთაშორისო საფეხბურთო ღონისძიებაზე იმ დროს, როდესაც იცის, რომ კამერები მისკენ არის მიმართული? ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: ულტრამემარჯვენე, ნეონაცისტურ სიმბოლოს ის შეგნებულად აჩვენებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მომდევნო ორი მატჩის განმავლობაში, ტელეპროდიუსერებმა, როგორც ჩანს, შეწყვიტეს მაყურებლისთვის VAR-ის გუნდის წარდგენა, – განაგრძობს Fare, – მაყურებელს არ უნდა აჩვენებდნენ ულტრამემარჯვენე პირებს, რომლებიც ნეონაცისტურ სიმბოლოებს იყენებენ. ნათელია, რომ ამ ოფიციალურ პირს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე არანაირი როლი აღარ უნდა ჰქონდეს“.

ფიფა-ს სპიკერის თქმით, ინციდენტის შესახებ ორგანიზაცია ინფორმირებულია, მაგრამ დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან მან თავი შეიკავა. ორშაბათს შუადღისთვის ფიფას მსაჯისგან ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული რაიმე ახსნა-განმარტება, რომელიც მედიას გადაეცემოდა.

შონ ევანსი 2016 წლიდან პროფესიონალი მსაჯია და ავსტრალიის A-ლიგის 200-ზე მეტ მატჩს უძღვებოდა. ის ადრე, 2022 წელს კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე ვიდეო ასისტენტ-მსაჯად იყო შერჩეული.

სტატიის ავტორია Guillaume Woelfle (RTBF), ფოტოს ავტორია: RTBF
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 15 ივნისი 2026, 13:54 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი