2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 17.4 მლრდ აშშ დოლარია, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 353.8 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -30.0 მლრდ აშშ დოლარი, ანუ -84.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიური მშპ-ის -89.0 პროცენტია. ცენტრალური ბანკის ცნობით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, წინა კვარტალთან შედარებით, 163.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.
სებ-ის ცნობით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 17.4 მლრდ აშშ დოლარია (48.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 353.8 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 47.4 მლრდ აშშ დოლარი (133.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 190.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.
ცნობისთვის, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია ასახავს განსხვავებას უცხოურ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის. დადებითი წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია ნიშნავს, რომ ქვეყანას მეტი აქტივები აქვს უცხოეთში, ვიდრე ვალდებულებები უცხოელი ინვესტორების მიმართ. და პირიქით, უარყოფითი წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია ნიშნავს, რომ ქვეყანა უფრო მეტს არის ვალდებული უცხოელების წინაშე, ვიდრე ისინი მის მიმართ.