2023 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატისთვის დროებითი სამთავრობო კომისია შეიქმნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატისთვის დროებითი სამთავრობო კომისია შეიქმნება, რომელიც ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩემპიონატი ორ ქვეყანაში – საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. მისი თქმით, საქართველოში ჩამოვა რვა ქვეყნის შერჩეული რვა გუნდი და ფინალური მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. ღარიბაშვილის თქმით, მატჩები ასევე გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშიც.
„ფინალური მატჩი გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა და ეს იქნება ძალიან დიდი მოვლენა 2023 წელს. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში და ქართველ გულშემატკივარს მათი ხილვის შესაძლებლობა მიეცემა. თეა წულუკიანთან ერთად, მე მქონდა შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ ლევან კობიაშვილთან და ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ვთქვით, რომ საჭიროა დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა. დღეს შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სწორედ ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას და მასთან დაკავშირებით ყველა საკითხს მოაგვარებს.
ასევე, 2023 წლის 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი „თავისუფალ სრიალში თხილამურებით და სნოუბორდით“, რაც ასევე დიდი მოვლენაა და ამისთვის ინტენსიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. სამი ახალი სასრიალო ტრასა მოეწყობა, ხელოვნური ტბები და ა.შ. უამრავი სამუშაო ტარდება, რაც საბოლოო ჯამში, ბაკურიანსა და ჩვენს მოსახლეობას დარჩება.
მიმდინარე წლის 18-19 თებერვალს და 5-6 მარტს ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციასთან აღებული ვალდებულების ნაწილია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.