ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ განაცხადა, რომ გუნდის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა.
„2022 წელს ბათუმის „დინამოს“ ბიუჯეტი ორჯერ გაიზრდება. ასე რომ, გუნდი გაძლიერდება და წინ ბევრი სიურპრიზი გველოდება. ჩემი და სამეთვალყურეო საბჭოს საზრუნავი მხოლოდ ფინანსების მოძებნაა“, – ამბობს არჩილ ბერიძე.
მისი თქმით, კლუბის სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი ამ პოსტზე დიდი შენაძენია.
დაახლოებით რა თანხაა საჭირო ერთ სეზონში საჩემპიონო გუნდის შესანახად? არჩილ ბერიძემ წამყვანის ამ შეკითხვასაც უპასუხა:
„სტაბილური გუნდის ჩამოსაყალიბებლად და ევროტურნირების ჯგუფში სტაბილურად მოსახვედრად დაახლოებით 15-დან 20 მილიონ დოლარამდეა საჭირო. ჯერ ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მიზანია, რომ აქამდე მივიდეთ და ყოველწლიურად გუნდის ბიუჯეტი გაიზარდოს.
2018 წელს, როდესაც გენერალურ სპონსორობაზე ერთ ჯგუფს დაველაპარაკეთ, გვითხრეს, 10 ათას ლარად წამოვალთო. ამაზე უარი ვუთხარით. დღეს ბათუმის „დინამო“ ერთ-ერთ კომპანიას გენერალურ სპონსორობაზე 3,5 მილიონ ლარზე ელაპარაკება. სწორედ ეს არის წინსვლა და განვითარება“.