2021 წლის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი აშშ გახდა
2021 წლის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი აშშ გახდა

ჰოკეიში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორი აშშ-ის ნაკრები გახდა. ედმონტონში გამართულ ფინალში ამერიკელებმა მთავარი ფავორიტი კანადა 2:0 დაამარცხა. გოლები პირველ და მეორე პერიოდში ალექს ტიურკოტმა და ტრევორ ზეგრასმა გაიტანეს.

აშშ მეხუთედ გახდა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილს იყოფს ფინეთთან. კანადამ მეათედ მოიპოვა ვერცხლის მედლები.

ტურნირზე ბრინჯაოს მედლები ფინეთმა დაისაკუთრა, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში რუსეთი 4:1 დაამარცხა.

ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა ამერიკის ნაკრების ფორვარდი ტრევორ ზეგრასი, რომელმაც შვიდ მატჩში 18 ქულა (7 გოლი+11 პასი) დააგროვა. მან გაიმეორა XXI საუკუნის საუკეთესო შედეგი, რომელიც 2011 წლის ჩემპიონატზე კანადელმა ბრეიდენ შენმა აჩვენა. ერთ ტურნირზე ქულების რეკორდი ლეგენდარულ შვედს პეტერ ფორსბერგს ეკუთვნის – 1993 წელს 31 ქულა შვიდ მატჩში.

ფინალის შემდეგ ჟურნალისტებმა შეადგინეს ტურნირის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე – დევონ ლევი (კანადა);

მცველები – ბოუენ ბაირამი (კანადა), ვილე ჰეინოლა (ფინეთი);

ფორვარდები – დილან კოზენსი (კანადა), ტიმ შტიუცლე (გერმანია), ტრევორ ზეგრასი (აშშ).

გარდა ამისა, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა ამპლუების მიხედვით საუკეთესოები:

მეკარე – დევონ ლევი (კანადა);

მცველი – ტოპი ნიემელია (ფინეთი);

ფორვარდი – ტიმ შტიუცლე (გერმანია).