2021 წლის დეკემბერში კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს იაპონია უმასპინძლებს
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაასახელა კლუბებს შორის მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის ჩატარების ვადები და ადგილი.
„გადავწყვიტეთ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება ამჟამინდელი ფორმატით – ეს 2021 წლის დეკემბერში იაპონიაში მოხდება“, – განაცხადა ინფანტინომ.
ადრე იგეგმებოდა, რომ ტურნირი 2021 წლის ზაფხულში ჩინეთში ახალი ფორმატით უნდა გამართულიყო. მონაწილეთა რიცხვის გაზრდას 24 კლუბამდე ვარაუდობდნენ. ამასთან, ტურნირი ამგვარი ფორმატით ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს და მან კონფედერაციათა თასი უნდა შეცვალოს.
ასე რომ, გაისად დეკემბერში, იაპონიაში შვიდი გუნდი ითამაშებს – თითოეული კონფედერაციის ექვსი ჩემპიონი და მათ დამატებული მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ კლუბებს შორის მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატი დეკემბრიდან 2021 წლის 1-11 თებერვლისთვის გადაიტანეს.