2021 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში აივ ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2021 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში აივ ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

3 ივნისის მონაცემებით, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში აივ ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აივ ინფიცირების 227 შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყნის მასშტაბით სულ რეგისტრირებულია 8 853 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6 612 – მამაკაცია, ხოლო 2 241 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 441 პაციენტს განუვითარდა, 1 839 გარდაიცვალა.

2 ივნისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5561 პაციენტი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.7 პროცენტი (3 158) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.7 პროცენტი (4 400) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.2 პროცენტი (1 093) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 პროცენტი (112) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 პროცენტი (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 პროცენტი (49) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 313 შემთხვევა. მათ შორის 87 უცხოეთის მოქალაქეა, ორი დაუდგენელი); სამეგრელოში 1 199; იმერეთში 1 063; აჭარაში 1 009; აფხაზეთში (532); კახეთში (444) ქვემო ქართლში (507); შიდა ქართლში (329); გურიაში (188); სამცხე-ჯავახეთში (121) და ა.შ.

2021 წელს გარდაიცვალა 46 აივ ინფიცირებული. 2020 წელს – 157, 2019 წელს – 116, 2018 წელს – 135, 2017 წელს – 127, 2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს – 84 პირი. 2021 წელს 46 გარდაცვლილთაგან 35 მამაკაცია, ხოლო 11 ქალი.

საქართველოში გამოვლენილია სულ 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 47 – გოგო. 30 გარდაიცვალა. სამი გავიდა ქვეყნიდან.