ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2020 წელს დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი შეჩერდა და გადაიდო – მიზეზი, რა თქმა უნდა, პანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემებია.
„სამწუხაროდ, ჯანდაცვის გლობალური კრიზისი მსოფლიოს უდიდეს ნაწილში უფრო გამწვავდა, – ვკითხულობთ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში. – ყველა ქვეყანა იძულებულია, რომ Covid-19-თან ბრძოლაში გადამწყვეტი ზომები მიიღოს.
ასეთ სიტუციაში, როცა შეჯიბრები ვერ ტარდება და სპორტსმენები ხშირად ვარჯიშსაც ვერ ახერხებენ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ წელს საერთაშორისო ტურნირები აღარ ჩატარდეს“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მთელი ყურადღება და ძალისხმევა 2021 წელს ყატარის მასტერსის ორგანიზებისკენ იქნება მიმართული, სადაც თავს მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტები მოიყრიან.