„ევროსტატი“ – 2021-2025 წლებში განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა

15:30, 07.10.2026

2021 წლის ბოლოდან 2025 წლის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის 105 ათასით, ანუ 14%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია „ევროსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, საერთო ჯამში, ოთხი წლის განმავლობაში ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 772 ათასიდან 877 ათასამდე გაიზარდა.

2025 წლის ბოლოს რუსეთის მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომლებსაც დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა ჰქონდათ, ევროკავშირის სამ ქვეყანაში ცხოვრობდა. პირველ ადგილზე გერმანია იყო –  218 ათასი რუსეთის მოქალაქით; მეორე ადგილზე ესპანეთი – 117 ათასით, ხოლო მესამე ადგილზე ესტონეთი – 78 ათასით.

ამასთან, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ცვლილების ტენდენციები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა ესპანეთში დაფიქსირდა. ამ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 44 ათასით, ანუ 61% გაიზარდა; ზრდის მაჩვენებლით მეორე ადგილზე კვიპროსი იყო, სადაც მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 27 ათასით გაიზარდა; მესამე ადგილზე საფრანგეთი გავიდა, იქ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 14 ათასით გაიზარდა.

ევროკავშირში ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა. ყველაზე დიდი კლება ლატვიაში დაფიქდირდა – რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 15 ათასით შემცირდა. ესტონეთში ეს მაჩვენებელი – 9 ათასით, ხოლო ჩეხეთში 8 ათასით შემცირდა.

ამრიგად, 2021-2025 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის დინამიკა არაერთგვაროვანი იყო: ზოგიერთ ქვეყანაში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზოგიერთში კი ბინადრობის ნებართვის მქონე და მუდმივი ბინადრობის სტატუსის მქონე რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა.

„ევროსტატის“ მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში დასახლებული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა 2022-2023 წლებში.

ამის შემდეგ მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად აღარ გაზრდილა.

მსგავსი