ხელის გაწვდენაზე ევროპასთან
ფეხბურთელთა ნაკრები
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ყველაზე მეტად 2020 წელს მიუახლოვდა. ერთა ლიგაზე ჩვენმა გუნდმა 6-დან 5 მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
პლეი ოფის 1/2 ფინალში ბელარუსს 1:0 სძლია:
ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე თამაში სამომავლოდ გადაიდო.
ფეხბურთელთა ნაკრების ერთი მატჩიც არ გამოუტოვებია (ტელევიზიით) ესპანეთში მოთამაშე კალათბურთელ გიორგი შერმადინს:
„საქართველოში სპორტის ბევრი წარმატებული სახეობაა, თუმცა ფეხბურთი არის და მომავალშიც იქნება ნომერ პირველ სახეობა. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ყველა მტკივნეულად განიცდის წარუმატებლობას, გამარჯვბებები კი დიდ სიხარულს ანიჭებს.
იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში მაკედონიასთან წააგო, არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით უარყოფითად ლაპარაკი. ყველამ კარგად ვიცით, რომ თითო მოგება იოლად არც ერთ მეტოქესთან არ მოდის – საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები კი ერთა ლიგის ფინალში გავიდა. ჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში ბელარუსს სძლია.
რაც შეეხება მაკედონიასთან მატჩს, პირველი და მეორე ტაიმები სხვადასხვა ხასიათისა იყო. პირველში გოლი რომ გაგვეტანა, დარწმუნებული ვარ, საქმეც მორჩენილი იქნებოდა. თუმცა ერთადერთი შანსი მეტოქემ გამოიყენა და ჩვენს გუნდს თამაშის შემოსატრიალებლად ძალა აღარ ეყო.
ესპანეთში, ტენერიფეზე, სადაც მეორე წელია ვცხოვრობ, ფეხბურთელთა ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე თამაშობს. იგი დღესაც განიცდის მაკედონიასთან წაგებას. სხვათა შორის, კალათბურთელთა ნაკრებისთვისაც არ იყო იოლი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, მაღალი დონის კალათბურთელები გვყავდა, მაგრამ დიდი დრო დაგვჭირდა, ვიდრე პირველად ევრობასკეტზე ვითამაშებდით. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელთა ნაკრებსაც მიეცემა შანსი და მალე ვიხილავთ ევროპის ჩემპიონატზე.“
ტატო გრიგალაშვილის ოქრო
ძიუდო
პანდემიის გამო 2020 წელს ძიუდოს კალენდარი მნიშვნელოვნად შეიკვეცა. თუმცა წლის ბოლოს ევროპის ჩემპიონატი მაინც გაიმართა და ვიხილეთ ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტის ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფი. 20 წლის ტატომ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.
ვერცხლი მოიგო ლაშა შავდათუაშვილმა, ხოლო ლუკა მაისურაძემ, ბექა ღვინიაშვილმა, ლევან მატიაშვილმა, გურამ თუშიშვილმა.
ძიუდოისტების გამოსვლის შეფასება UFC-ის მებრძოლ მერაბ დვალიშვილს ვთხოვეთ:
„მიუხედავად იმისა, რომ ტურნირების რაოდენობა შეზღუდული იყო, ძიუდოისტების გამოსვლა დადებითად უნდა შეფასდეს. ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოვიგეთ.
ტატო გრიგალაშვილისგან ასეთ დამაჯერებელ გამოსვლას არ მოველოდი. ის ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიულია. მან ევროპის ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით მოიგო, რაც იოლი სულაც არ არის.
წარმატებას ვუსურვებ ყველა ძიუდოისტს.“
კვესელაძის ლელო შემოდგომის ერთა თასზე
რაგბი
კოვიდპანდემიის გამო რაგბში 6 ერის გათამაშების მატჩები ერთ თვეზე განაწილდა, გუნდების რაოდენობა კი ექვსიდან რვამდე გაიზარდა. დაემატა ორი ნაკრები – ფიჯი და საქართველო. „ბორჯღალოსნები“ მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებდნენ თამაშს, თუმცა საბოლოოდ მაინც ყველა შეხვედრაში დამარცხდნენ.
2020 წლის შემოდგომის ერთა თასმა ერთი ნათელი ამბავი დაგვიტოვა: ირლანდიასთან გატანილი გიორგი კვესელაძის ლელო საუკეთესოდ დაასახელეს.
რაგბის დიდი ქომაგია წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანი ზურაბ რურუა:
„რაგბის ნაკრები უკვე ძალიან მაღალ დონეზეა. ისეთ ტურნირში მონაწილეობა, როგორიცაა შემოდგომის ერთა თასი დიდი წარმატებაა ქართული რაგბისა და ქართული სპორტისთვის. იმედი მაქვს, ეს პერსპექტივაშიც გაგრძელდება და ექვს ერს მეტად მივუახლოვდებით.
თვალი ვადევნე ჯგუფის ყველა მატჩს, ინგლისის, უელსისა და ირლანდიის წინააღმდეგ. ჩვენი გუნდის თამაში აშკარად უმჯობესდებოდა, ბიჭებს გამოცდილება ემატებოდათ და სულ უკეთესად გამოიყურებოდნენ. უელსთან განსაკუთრებული ხასიათი გამოაჩინეს, რაც ჩემი აზრით ძალიან დასაფასებელი იყო.
ვიმედოვნებ, 2020 წელში შემოდგომის ერთა თასზე თამაში კიდევ უფრო მიგვაახლოვებს ექვს ერს. ვგულშემატკივრობ და წარმატებას ვუსურვებს ჩვენს მორაგბეებს.“
მეოთხედ ევროპაზე
წყალბურთი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ეს მისთვის მეოთხე ევროპა იყო.
რეზო ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი ოფში გავიდა, სადაც დაძაბულ ორთაბრძოლაში 13:14 დამარცხდა რუსეთთან. ჯგუფში კი ქართველებმა საფრანგეთის ნაკრებს სძლიეს – 9:7.
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს ესწრებოდა მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც წყალბურთელთა გამოსვლა ასე შეაფასა:
„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი სპორტისთვისაც რთული იყო, აღსანიშნავია წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წარმატება.
ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშა და ისტორიულ მატჩში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა. ამ თამაშს ტრიბუნიდან ვადევნებდი თვალს და მინდა ავღნიშნო, რომ ნამდვილად საამაყო ეროვნული ნაკრები ჰყავს ქართულ წყალბურთს, რომელიც 2020 წელს ევროპის 10 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
ვუსურვებ წარმატებებს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე და იმედია, ოლიმპიადაზეც მალე ვიხილავთ“.
ქალთა გუნდი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე
ფეხბურთი
ქალთა გუნდი „ლანჩხუთი“ 2020 წელს ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ორი ბარიერი დაძლია და 1/16 ფინალში გავიდა. ლანჩხუთელებმა პირველ ეტაპზე ყაზახური „ოკჟეტპესი“ დაამარცხეს (2:1); შემდეგ – რუმინული „კლუჟი“ (1:0); მესამე ეტაპზე კი შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდნენ და ასპაეზობას გამოეთიშნენ.
სხვათა შორის, შვედების ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია, ხოლო ორი წლის წინ მასში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელი მარტა თამაშობდა.
ქალთა გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაზე 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ილაპარაკა:
„ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონის, „ლანჩხუთის“ გამოსვლამ გამახარა და გამაოცა, გუნდი 1/16-ფინალში მოხვდა. მართალია, მერე ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა და გამოვარდა, მაგრამ მის გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. გოგონებმა დიდი გამოცდილება მიიღეს და იმედი მაქვს, მომავალ წლებში უფრო გაძლიერდებიან და მეტი წარმატებით გაგვახარებენ. ისინი ახალგაზრდები არიან და რა თქმა უნდა, გაიზრდებიან, მოუმატებენ და მეტ გამარჯვებებს მიაღწევენ. „ლანჩხუთს“ და მის თითოეულ წევრს ბედნიერ ახალ წელს, წარმატებას და დიდ სიხარულს ვუსურვებ, ისევე როგორც ყველა ქართველ სპორტსმენს. ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო“
14 ბრძოლა, 13 გამარჯვება
UFC – შერეული ორთაბრძოლები
UFC შერეული ორთაბრძოლების უპირველესი ორგანიზაციაა, რომელში გამოსვლაც ნებისმიერი მებრძოლის ოცნებაა. 2020 წელს მასში ექვსმა ქართველმა 14 შეხვედრა გამართა და 13-ში გაიმარჯვა.
გიგა ჭიკაძემ 4 შეხვედრა მოიგო, მერაბ დვალიშვილმა – 3, რომან დოლიძემ და ილია თოფურიამ – 2-2, გურამ ქუთათელაძემ და ლიანა ჯოჯუამ თითო.
ქართველი ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2020 წლის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა, UFC-ს შეხვედრებს აქტიურად ადევნებს თვალს:
„შერეული ორთაბრძოლებით დაინტერესებული ვარ და ქართველ მებრძოლებს ვგულშემატკივრობ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ეს ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სახეობაა, რადგან ჩვენი მებრძოლები არიან ჟინიანები, ფიზიკურად ძლიერები და UFC ჩვენს ხასიათს მაგრად ერგება. გამოვყოფდი ილია თოფურიას – ის ახალგაზრდაა, პერსპექტიული და ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს, საქართველოს კი დიდ სიხარულს“, – ამბობს ტატო გრიგალაშვილი.
ჯვაროსნების ოთხიდან ოთხი მოგება
კალათბურთი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისთვის 2020 წელი ისტორიული იყო. „ჯვაროსნებმა“ წელი წაუგებლად ჩაამთავრეს – ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო. მათ შორის გახლდათ ბელგრადში გამარჯვება სერბეთის ნაკრებთან (94:90).
2022 წელს საქართველო ევრობასკეტის თანამასპინძელია და ილიას ზუროსმა უკვე დაიწყო ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის დაკომპლექტება. საწყისი ნაბიჯები ოპტიმიზმის იმედს იძლევა.
კალათბურთელთა ნაკრების ერთგული გულშემატკივარია ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე:
„კალათბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელსაც საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მეც მუდმივად ვადევნებ თვალს ჩვენი ნაკრების თამაშებს. მიხარია, რომ წარმატებული გუნდია და ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლობის უფლება რომ მოვიპოვეთ, შემთხვევით არ მომხდარა. ძალიან მაღალი დონის კალათბურთელები გვყავს, რომლებმაც მიგვაჩვიეს, რომ ნებისმიერ გრანდთან თანაბრად თამაშობენ. იმარჯვებენ კიდეც, რისი მაგალითიც გასულ წელს სერბეთთან სტუმრად მოგება იყო“.
ბათუმის სტადიონის გახსნა
ფეხბურთი
27 ოქტომბერს ბათუმის სტადიონი გაიხსნა. ეს გახლავთ სუპერთანამედროვე არენა, რომელიც 20500 მაყურებელს დაიტევს.
2020 წელს ამ სტადიონთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ამბავი შევიტყვეთ – ევროპის 2023 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ფინალი ბათუმის არენაზე გაიმართება.
მოვუსმინოთ თასების მფლობელთა თასის მფლობელი „დინამოს“ კაპიტან ალექსანდრე ჩივაძეს:
“მიხარია, ჩვენს საყვარელ ბათუმში ასეთი ბრწყინვალე სტადიონი რომ აშენდა. მთელი მსოფლიო მომივლია, ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ეს სხვაგვარია, რაღაცნაირად ჩვენებური სტადიონია. აქ ბავშვები არიან და მათ მივმართავ – თქვენს ასაკში ასეთ სტადიონზე ვერც ვიოცნებებდი. აქ ბათუმის “დინამო“ ითამაშებს და ბიჭებს ვთხოვდი – მეტი იშრომეთ, რომ ხარისხი გაზარდოთ – ასეთ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ ეკადრება“.
ოქრო რომიდან
თავისუფალი ჭიდაობა
რომში გამართულ ევროპის პირველობაზე, 2020 წლის 16 თებერვალს ქართველმა ფალავანმა, გენო პეტრიაშვილმა კონტინენტის საუკეთესო მოჭიდავის ტიტული კარიერის განმავლობაში მეორედ მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები იტალიიდან 4 მედლით დაბრუნდა.
„მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. მაქსიმალურად ვეცდები ყველა შეჯიბრებაზე კარგად მომზადებული გავიდე და ჩემი ქვეყანა გავახარო. განსაკუთრებულად მოვემზადები ოლიმპიადისთვის, რომელზე წარმატებაც ნებისმიერი სპორტსმენის ცხოვრების მიზანია“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ.
თუმცა მას მერე მსოფლიოს კორონავირუსმა შეუტია და ტოკიოს ოლიმპიადაც 2020-დან 2021 წლისკენ გადასწია.
ასეა თუ ისე, გენო პეტრიაშვილისთვის 2020 წელი მაინც ისტორიული იყო – მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული და დაოჯახდა – ივნისში ჯვარი დაიწერა ნინი მშვიდობაძეზე.
„ლოკომოტივის“ გემრიელი მოგება
ფეხბურთი
თბილისის „ლოკომოტივი“ იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივრებს 2020 წელი გაულამაზა. გუნდმა ვეროპის ლიგიდან კრაიოვას „უნივერსიტატეა“ და მოსკოვის „დინამო“ გამოაგდო და მესამე ეტაპამდე გავიდა, სადაც ესპანურ „გრანადასთან“ დამარცხდა. თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის გამოსვლა მაინც პატივისცემას ისმახურებდა.
საქართველოს ნაკრების წევრმა გურამ კაშიამ აღნიშნა, რომ მსგავსი მატჩები ფეხბურთელებში გამორჩეულ ემოციებს იწვევს:
„ასეთი თამაშები დიდი მუხტია და თამაშს უფრო ემოციურად უდგები. თუ ემოციებს კარგად გააკონტროლებ და დააბალანსებ, რა თქმა უნდა, უპირატესობას იქმნი. ფეხბურთელს ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა უნდა უყვარდეს. „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოს“ თამაშითაც აჯობა და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. ძალიან გემრიელი თამაშით მოუგეს და ყველა ძალიან გაგვახარეს. ეს მოგება უდავოდ წლის ერთ-ერთი მოვლენა იყო“, – ამბობს გურამ კაშია.