2020 წლის სექტემბრამდე, „112“-ის ავტოსადგომზე გადაყვანილი  ცალკეული სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეები კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაყვანისა და დგომის საფასურისგან გათავისუფლდებიან
2020 წლის სექტემბრამდე, „112“-ის ავტოსადგომზე გადაყვანილი ცალკეული სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეები კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაყვანისა და დგომის საფასურისგან გათავისუფლდებიან

2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე, „112“-ის დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანილი ცალკეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეები 100 ლარის გადახდისა და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან.

შესაბამისი ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, რომელიც ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება. მთავრობა განმარტავს, რომ ეს პირები აღნიშნული დავალიანებისგან გათავისუფლდებიან, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს სადგომიდან კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გაიყვანენ.

რაც შეეხება დავალიანებას, მთავრობის ცნობით, აღნიშნული თანხა დაახლოებით 3 735 195 ლარს შეადგენს.

კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, 2014-2020 წლებში „112“-ის დაცულ სადგომზე 73 820 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შევიდა, საიდანაც დღემდე 1207 დგას.

„აქედან 50 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება დაცულ სადგომზე 2014 წლიდან დგას, 135 – 2015 წლიდან, 177 -2016 წლიდან, ხოლო 212 – 2017 წლიდან. დამატებითი სადგომების იჯარის ღირებულებამ 2015-2020 წლებში 551,874.07 ლარი შეადგინა. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „112“-ს აღარ მოუწევს დამატებითი დაცული სადგომებისთვის მიწის იჯარით აღება, რაც გამოიწვევს თანხის დაზოგვას „112“-ის ბიუჯეტში“, – განმარტავს მთავრობა.