2020 წლის „მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ოთხი საფეხურით დაწინაურდა
2020 წლის „მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ოთხი საფეხურით დაწინაურდა

საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ „ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტმა“ „მშვიდობის გლობალური ინდექსის“ 2020 წლის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოს 163 ქვეყანაში მშვიდობიანობის დონის 2019 წლის ვითარებას ასახავს.

რეიტინგში საქართველო 95-ე ადგილზეა. საქართველო მსოფლიო რეიტინგში წინა წელთან შედარებით, ოთხი საფეხურით დაწინაურდა.

ინსტიტუტმა მსოფლიო ქვეყნების მშვიდობიანობა შეაფასა სამი ძირითადი მიმართულებით: პირველი – მილიტარიზაცია; მეორე- საზოგადოების დაცულობა; მესამე – შიდა და გარე კონფლიქტები.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2007-2012 წლებში ზედიზედ 6 წლის მანძილზე, ყოველწლიურად რეიტინგის უკანასკნელი ოცეულის მიდამოში იყო „ნაკლებად მშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსით.

2010 წლის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველოს „ძალიან არამშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსიც კი ჰქონდა. 2010 წელს საქართველო 163 ქვყანას შორის 156-ე ადგილს იკავებდა.

2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მოწინავეა, კერძოდ მხოლოდ საქართველომ და შრი ლანკამ მოახერხეს ინდექსის დაფუძნების წლიდან, ანუ 2008 წლიდან დღემდე 20 პროცენტზე მეტად გაეუმჯობესებინათ მშვიდობიანობის დონე.

2020 წლის მშვიდობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობის დონით რეგიონის ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს.

კვლევით ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „მშვიდობის გლობალური ინდექსი“ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივის მნიშვნელოვანი საზომია.