2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა, დარეგისტრირდა 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი
2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა, დარეგისტრირდა 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა.

„დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია. რეგისტრირებულთა რაოდენობა: აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი; სტუდენტები – 3 600-ზე მეტი;​ მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი; მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – 19 600-ზე მეტი“, – აცხადებენ ცენტრში.

პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გამოცდებზე რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც რეგისტრაცია დასრულდა (30 მარტის ნაცვლად) 30 აპრილის 18:00 საათზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

„სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებისთვის სრულ მზადყოფნაშია და იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად.

საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის“, – აცხადებენ ცენტრში.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა საყურადღებოდ აცხადებს: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

ცენტრი კვლავ მართავს ღია კარის დღეებს ონლაინრეჟიმში როგორც აბიტურიენტთა, ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით.

აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისაგან შეუძლიათ ცენტრის ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კი – ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე. გარდა ამისა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი.