2020 წლის 100 საინტერესო კადრი - დღეს „სპორტფოტო 2020“-ის გამოფენა გაიმართება #1TVSPORT
26 მაისს, თბილისში, ყოველწლიურ პროექტ „სპორტფოტოს“ რიგით მეშვიდე გამოფენა გაიმართება. COVID 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, საგამოფენო სივრცე ღია ცის ქვეშ, „დინამო არენას“ (მის: თბილისი, წერეთლის 2, შესასვლელი კარი #2) მეორე იარუსის ტერასაზე განთავსდება და დღის 12:00 საათიდან, 18:30 წუთამდე იმუშავებს.
„სპორტფოტო 2020“-ის ტრადიციული პარტნიორი თბილისის მერიაა, ასევე „დინამო არენა“.
„ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება, 2020 წლის იმ სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოკადრები, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს. გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გამო, 2020 წელს დაგეგმილი ბევრი სპორტული მოვლენა გაუქმდა ან გადაიდო, უმეტესწილად კი, ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ფოტოჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს სპორტულ ტურნირებზე დასწრება, ქართველ სპორტსმენთა გამოსვლების ამსახველი ფოტომასალა საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციებმა, ქართულმა ფედერაციებმა, კლუბებმა და სპორტული ფოტოგრაფების ნაწილმა მოგვაწოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2020 წლის 100 საინტერესო კადრი“, – წერია პროექტის ორგანიზატორ ვებპორტალ TSFF.GE-ზე.
მონაწილეთა შორის წელს პირველად არიან იტალიის ძალოსნობის ფედერაცია, მეკლდეური ფოტოგრაფი, თურქეთის მოქალაქე ოზთურქ ქაიქჯი და უკრაინელი ვლად ჟიკოვი.
პარალელურად, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გვერდით დგომითა და დაფინანსებით, პანდემიით გამოწვეული მძიმე წლის მიუხედავად, 500-იანი ტირაჟით, ტრადიციულად დაიბეჭდება კატალოგი „სპორტფოტო 2020“. რიგით მეშვიდე გამოცემაში, რომელიც 200-გვერდიანია, „დინამო არენაზე“ გამოფენილი ფოტოების გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული საინტერესო კადრიც შევა.
„კოვიდ“-რეგულაციებიდან გამომდინარე, განსხვავებულ ფორმატში, ონლაინ წარიმართება სპორტფოტოს ტრადიციული შეხვედრების დიდი ნაწილი სპორტის მოყვარულებთან. ამჯერად, „სპორტფოტო 2020“-ის პროექტში მონაწილე ფედერაციები და სპორტსმენები პროექტის სოციალური ქსელის დახმარებით მინიკონკურსებს ჩაატარებენ. გამარჯვებულებს კი, საჩუქრად კატალოგები და კონკრეტულ სპორტსმენთა ავტოგრაფიანი სუვენირები გაეგზავნებათ.