2020 წელს ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით მონაწილე კონკურსანტის შერჩევის წესი
2020 წელს ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით მონაწილე კონკურსანტის შერჩევის წესი

2020 წლის მაისში, ნიდერლანდებში გაიმართება ევროვიზიის რიგით 65-ე სიმღერის საერთაშორისო კონკურსი. ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს საერთაშორისო მუსიკალური მეგა-პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავი“-ს გამარჯვებული.

პროექტის ფარგლებში შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად პროექტის საერთაშორისო წესების და პირველი არხის რეგულაციების მოთხოვნათა დაცვით.

I ეტაპი

მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ე.წ. კასტინგის შედეგად შეირჩევა 10 კონკურსანტი;

კონკურსში მონაწილე 10 კონკურსანტს შორის საუკეთესო შემსრულებელი ვლინდება მაყურებლების მიერ, სოციალურ ქსელში – Facebook-ში გამოკითხვის შედეგების და მობილური ტელეფონებიდან შემოსული ზარების რაოდენობის დაჯამების (50/50-ზე პრინციპით) შედეგად;

მაყურებელი თავისი რჩეული შემსრულებლისთვის ხმის მიცემას განახორციელებს სატელეფონო ზარების, SMS-შეტყობინებებისა და facebook-ის მეშვეობით, ამასთან,  ევროვიზიის კონკურსის წესების მსგავსად, 24 საათის განმავლობაში ერთი ნომრიდან განსახორციელებელი ზარებისა და SMS-შეტყობინებების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 24 საათის განმავლობაში ერთ ნომერზე 20 ზარს და 20 SMS-შეტყობინებას.

II ეტაპი

კონკურსის მეორე ეტაპზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შესასრულებელი სიმღერის შესარჩევად პირველ არხზე იქმნება საპროდიუსერო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან: გადაცემა „აკუსტიკა“-ს პროდიუსერი – გიორგი ასანიშვილი, საბავშვო მუსიკალური შოუს „რანინა“- ს პროდიუსერი – ლანა ქუთათელაძე, პირველი არხის მთავარი მუსიკალური პროდიუსერი – დავით ევგენიძე, ევროვიზიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი – ნათია მშვენიერაძე და ევროვიზიის პროდიუსერი – ნათია უზნაძე;

შესარჩევი ჯგუფი პასუხისმგებელია სიმღერის (ტექსტის და მუსიკის) შერჩევაზე, ასევე შერჩეული სიმღერის ე.წ. შეფუთვისთვის (არანჟირება, მასტერინგი, სტუდიაში ჩაწერა და ა.შ.), სიმღერის ვიდეო რგოლისთვის, ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის მუსიკალური ნომრის დადგმისთვის (მათ შორის, ქორეოგრაფიის დადგმა, კოსტიუმები და ა.შ.) და მარკეტინგული აქტივობებისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფაზე.