2020 წელს ევროკავშირის ქვეყნები 30 000-ზე მეტ ლტოლვილს მიიღებენ. ევროკომისიის განცხადების თანახმად, ამდენი ადგილი ლტოლვილთა დასახლების პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული.
მიგრანტების მიღება უპირველეს ყოვლისა მსოფლიოს კრიზისული რეგიონებიდან მოხდება. კერძოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომავალ წელს ქვეყანა 5 500 მიგრანტის მიღებას აპირებს.
ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის რეკომენდაციის შესაბამისად, ლტოლვილთა დასახლების პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭებათ მიგრანტებს თურქეთიდან, ლიბანიდან, იორდანიიდან, ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე ნიგერიდან და რუანდიდან.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, მარგარიტის სხინასის თქმით, ევროკავშირის წვლილი ლტოლვილთა დასახლების მხრივ უმსხვილესია მსოფლიოში.
„როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, შეგვიძლია, შევქმნათ გრძელვადიანი, ეფექტური და უსაფრთხო სისტემები ყველაზე მოწყვლადი პირების დასაცავად“, – აღნიშნა მან.
თავის მხრივ, საშინაო საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსობმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მესამე ქვეყნებთან მჭიდრო პარტნიორობის აუცილებლობაზე.
ევროკომისიის მონაცემებით, 2015 წლიდან დასახლების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირში 65 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. მიმღები ქვეყანა ევროკავშირის ბიუჯეტიდან თითოეული მიღებული მიგრანტის სანაცვლოდ, ფინანსური მხარდაჭერის სახით, 10 000 ევროს მიიღებს.
როგორც ევროკომისია აღნიშნავს, ევროკავშირის დასახლების პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირებს, ევროპაში უსაფრთხოდ და ლეგალურად ჩავიდნენ.