2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება
2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება

2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორციელების ახალ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ განაცხადა.

ეკა დგებუაძემ ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შემდეგი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას განათლების სპეციალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ეკა დგებუაძის თქმით, 2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ საქართველოს მასშტაბით, ყველა სკოლაში დაინერგება და იმპლემენტაციის პროცესი 2024 წლისთვის დასრულდება.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ექსპერტთა ჩართულობით გაანალიზდეს „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების პირველი ეტაპი, რომელიც 2019 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 165 სკოლაში 2020 წლის შემოდგომამდე მიმდინარეობს.

განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ მოსამზადებელი ეტაპი „ახალი სკოლის მოდელის“ ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას, პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო რესურსებისა და მეთოდოლოგიის დახვეწასა და მომავალი გაფართოებისთვის მომზადებას გულისხმობს.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, გაიზრდება პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობაც. თუ აქამდე „ახალი სკოლის მოდელი“ მხოლოდ დაწყებითი საფეხურის პირველი-მეოთხე კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეეხებოდა, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის მეხუთე-მეცხრე კლასების მოსწავლეები და პედაგოგებიც ჩაერთვებიან.

„ახალი სკოლის მოდელის“ საქართველოს მასშტაბით ეფექტიანად დანერგვის  მიზნით, შეიქმნება ექსპერტების ჯგუფები რეგიონების მიხედვით. 14 საგნობრივი ექსპერტისაგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი რესურსცენტრების ბაზაზე იმუშავებს და მასში ინკლუზიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტებიც შევლენ. ექსპერტები კონკურსის წესით, გასაუბრებისა და პრაქტიკული გამოცდის ეტაპების გავლის საფუძველზე შეირჩევიან. ისინი სკოლებში თანაშემწეებთან ერთად იმუშავებენ.

ამასთან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყება ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტს ქმნის, რომელიც საბოლოო სახეს დარგობრივი ექსპერტებისგან შემდგარი 12 ჯგუფის მუშაობის შედეგად მიიღებს.  დოკუმენტი იმ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, რომელიც სამინისტრომ 165 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“განხორციელების შედეგად დააგროვა.

განათლების სამინისტროს ცნობით, მოსწავლეზე ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელის“ იმპლემენტაციის პროცესში ბავშვები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ. უწყება განმარტავს, რომ სკოლაში მოსწავლემ უნდა მიიღოს ფუნდამენტური ცოდნა, სიღრმისეულად და არსობრივად უნდა გაითავისოს სასწავლო მასალა, მისი კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება შეძლოს. სკოლის გარემო კი, უნდა იყო პიროვნებაზე ორიენტირებული, მზრუნველი, ჰარმონიული, თანამშრომლობითი და უსაფრთხო, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.