2019 წლის იანვარ-თებერვალში სიგარეტის აქციზური მარკების რაოდენობა განახევრდა
2019 წლის იანვარ-თებერვალში სიგარეტის აქციზური მარკების რაოდენობა განახევრდა

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკების რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით განახევრდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულ თამბაქოზე 20,3 მლნ აქციზური მარკა გაიცა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 45,3 მლნ-ს შეადგენდა. 2017 წლის იანვარ-თებერვალში კი 46,3 მლნ-ს.

ამასთან, კლება ფიქსირდება ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკების მოთხოვნაზეც. კერძოდ, 2019 წლის იანვარში ადგილობრივი წარმოების თამბაქოსთვის არცერთი აქციზური მარკა არ გაცემულა. თებერვალში კი მხოლოდ 600 000. გასული წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი წარმოების თამბაქოსთვის 9,2 მლნ აქციზური მარკა გაიცა. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 10.3 მლნ.

ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორატიული დირექტორის განმარტებით, ბოლო პერიოდში გაზრდილი აქციზის გადასახადის გამო საქართველოში გაძვირდა როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული თამბაქო. შესაბამისად ამ ტიპის პროდუქტზე მოთხოვნაც შემცირდა. სანაცვლოდ კი, მისი თქმით, ქვეყანაში გაიზარდა დაბალი ფასისა და ხარისხის მქონე თუთუნის მოხმარება.

შეგახსენებთ, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს სახელმწიფოსთვის კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად 30%-ის გადახდა უწევთ.

ამასთან, 1-ლი იანვრიდან აქციზის განაკვეთი გათანაბრდა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე და 20 ღერზე ლარი და 70 თეთრი გახდა. შედეგად, პირველი იანვრიდან სიგარეტი უკვე ორჯერ 50-50 თეთრით გაძვირდა.