2019/2020 წლის ზამთრის სეზონი და გეგმები
2019/2020 წლის ზამთრის სეზონი და გეგმები

2019/2020 წლის ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მონაწილეებმა 2019/2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებების და გეგმების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ ბაკურიანი 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ დეტაური ინფორმაცია მიაწოდა დამსწრეებს. გააცნო ტექნიკური ნიუანსები და საორგანიზაციო საკითხები. „წელს პირველად ქართველმა გოგონამ, ესმერალდა გობოზოვამ, ტრამპლინიდან მხტომელმა, მოიპოვა უფლება იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსასვლელად. ძალიან გვიხარია ეს ფაქტი და გვინდა ვუსურვოთ მას წარმატება“, – განაცხადა კოსტავამ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ, კურორტების ხელოვნურად გათოვლიანების მნიშვნელობაზე და ამ საკითხის ტექნიკურად გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უახლოეს პერიოდში ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, რომელიც 2023 წლის ჩემპიონატისთვის, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, ხელოვნური საფარის უზრუნველყოფას შეძლებს ბაკურიანის სათხილამური ტრასებზე. ასევე 2023 წლისათვის ბაკურიანს დაემატება სამი ახალი საბაგირო, რომელსაც გერმანული კომპანია „დოპელმაიერი“ აშენებს. თაზო გამცემლიძის თქმით – სპორტსმენებისთვის განსაკუთრებული სავარჯიშო პირობების შექმნა იგეგმება, იმისთვის, რომ მოთხილამურეებმა სრულყოფილად შეძლონ ვარჯიში მთელი სეზონის განმავლობაში.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში 2020 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს გუდაურში FIS-ის ფრისტაილის ევროპის თასის ეტაპები სნოუბორდის პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში ჩატარდება. ეს სახეობები საქართველოში პირველად გაიმართება. სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ეკატერინე გაბაშვილმა და ფრისტაილის კომიტეტის უფროსმა ლევან მეტრეველმა დეტალურად ისაუბრეს შეჯიბრების საორგანიზაციო და პროცედურულ საკითხებზე. ეკატერინე გაბაშვილმა მთლიან პროცესში მოხალისეების ჩართულობაზე და მათი როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მათი გვერდში დგომით წარმატებით ჩაივლის ეს მეტად საპასუხიმგებლო ეტაპი.

დღეს გახდა ცნობილი საქართველოში დაგეგმილი 2019-2020 წლის სეზონის სამთო-სათხილამური და ფრისტაილის შეჯიბრებების განრიგი.

27-28 დეკემბერს მესტიაში 2020 წლის საქართველოს სამთოსათხილამურო თასის პირველი ეტაპი გაიმართება.

II-ეტაპი 10-12 იანვარი ბაკურიანშია დაგეგმილი.

III და IV-ეტაპები 6-8 მარტს და 20-22 მარტს გუდაურში გაიმართება.

V-ეტაპი კი 9-12 აპრილი სვანეთშია დაგეგმილი.