2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო - ვიდეოინსტრუქცია

2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო.

კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია vote.junioreurovision.tv-ის მეშვეობით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა მონაწილის ვიდეორგოლი; ხმა მისცეთ სამ, ოთხ, ან ხუთ ფავორიტ მუსიკალურ ნომერს. შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ თქვენს ქვეყანას, თქვენივე ქვეყნიდან.

ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა 25 ნოემბერს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.

გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. თითოეული კონკურსანტის ქულების 50 პროცენტს მაყურებლის ხმები, ხოლო მეორე 50 პროცენტს ჟიურის შეფასება განსაზღვრავს.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. საქართველოს კონკურსზე თამარ ედილაშვილი წარადგენს. საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა „შენი ხმა“, კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.

საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა.

მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.