2012 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა
2012 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა

საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო პროცესი 20 მაისს განახლდა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქმე ეხება 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. კერძოდ, ბრალდება ამტკიცებს, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის პარტიამ კამპანიის დაფინანსების კანონით დაშვებულ ზღვარს – 22,5 მილიონი ევროს, თითქმის ორჯერ გადააჭარბა.

„ფრანს პრესის“ ცნობით, დანაშაულის დამალვის მიზნით, პარტიამ დაიქირავა საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯი „პარტიული საქმიანობისთვის დახარჯულ“ თანხად შენიღბა. საქმეში სარკოზისთან ერთად კიდევ 13 ადამიანი ფიგურირებს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ სარკოზიმ ამ მაქინაციის შესახებ იცოდა. თავად საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.

სასამართლო სარკოზის დამნაშავედ თუ ცნობს, მას ერთწლიანი პატიმრობა და 3 750 ევროს ჯარიმა დაეკისრება.

საქმეზე სასამართლო პროცესი მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

ვარაუდობენ, რომ სარკოზი სასამართლოს წინაშე 14 ივნისს წარდგება.

საქმეზე ვერდიქტი კი 22 ივნისს გახდება ცნობილი.