20 პოლიტიკური ორგანიზაცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
20 პოლიტიკური ორგანიზაცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

20 პოლიტიკური ორგანიზაცია მაჟორიტარული სისტემის დაუყოვნებლივ გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ბიუროს მიმართეს, ინიციატივის დარეგისტრირება და შესაბამისი ბლანკების გადაცემა მოითხოვეს.

როგორც „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, კანონის მიხედვით, ბლანკები ერთი კვირის ვადაში უნდა გადაეცეთ, რის შემდეგაც ისინი მილიონი ხელმოწერის შეგროვებასა და საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნას გეგმავენ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით გაიმართოს.

„საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და ჰორიზონტზე საპარლამენტო არჩევნები 2020 გამოჩნდა, მახინჯი საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო სისტემით. დღეს საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოხდება, რომელთა უკანაც 20 ორგანიზაციაა. რაც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. „ქართულმა ოცნებამ“ არ შეისმინა 200 ათასი ადამიანისა და პოლიტიკური სპექტრის ხმა. ამჯერად ჩვენი კამპანია ასეთ სახელწოდებას იძენს -„მილიონი ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“. 73-ვე მუნიციპალიტეტიდან „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს ჩვენი ამომრჩევლების ხმას გავაგონებთ. გვაინტერესებს მათი პასუხი როგორი იქნება“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.