20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი განახლდება
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი განახლდება

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. თავად ბრალდებული სასამართლო სხდომებს არ ესწრება.

ნიკა მელიას განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს და შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელია.

„რიგითი სასამართლო პროცესია, მიმდინარე. 20 ივნისთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ამ სასამართლო პროცესებს არ ვესწრები, ვარ გამოძევებული მოსამართლის მიერ. არ ვიცი, ეს პროცესი არის ხანგრძლივი, ვინაიდან ბევრი მოწმე არის დასაკითხი და როცა არ უნდა დამთავრდეს, ამ ხელისუფლების პირობებშიც რომ დამთავრდეს, გამამტყუნებელი განაჩენს მურუსიძე-ჩინჩალაძის მოსამართლეც კი ვერ გამოიტანს. იმიტომ, რომ მტკიცებულება არ არსებობს, რომელი სახელმწიფო გადატრიალება და ძალადობრივი შტურმი პარლამენტის, ამას მტკიცებულებები სჭირდება და ეს მტკიცებულებები არ არსებობს ბუნებაში. შესაბამისად, საქმე აღძრულია იმისათვის, რომ რამენაირად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შეეზღუდათ ისევე, როგორც ძალიან ბევრი პოლიტიკური ოპოზიური პარტიის ლიდერი შეზღუდეს. პასპორტი ჩამომართვეს, მანდატი ჩამომართვეს, მიტინგზე სიტყვით გამოსვლის უფლება ჩამომართვეს, სამაჯურით დამაჯილდოვეს, სახლში რაღაც აპარატურა დადგეს და რა შეიცვალა ამით. ეს არის პროცესი პროცესისთვის“, – აცხადებს ნიკა მელია.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.