20 ივნისის საქმეზე დაკავებულთა პროცესზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს
20 ივნისის საქმეზე დაკავებულთა პროცესზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ექვსი პირის ოჯახის წევრებმა, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს.

​როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ მთავარ მოთხოვნად დაკავებულების განთავისუფლება რჩება.

„ვაპროტესტებთ ტყვეების პატიმრობას. ჩემმა შვილმა კარგად იცის თავისუფლების ფასი. ეგ კედლები და ეგ გისოსები ვერ შეაჩერებს ვერც ჩემ შვილსა და ვერც ერთს, ვინც იქ ზის. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ. ძალიან უსამართლოდ იქცევა ეს მთავრობა, რომ ქვეყნის სიყვარულისთვის ახალგაზრდები დააპატიმრა, თვალები დათხარეს, ზურგში ესროლეს და ისინი არ ისჯებიან“, – განაცხადა ბესიკ თამლიანის დედამ რუსუდან თამლიანმა.

რაც შეეხება დაკავებულთა სასამართლო სხდომას, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.

„როგორც კი გადავალთ მტკიცებულებების გამოკვლევაზე, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, რომ ეს საქმე გამოიძია იმ ადამიანმა, ვინც გასცა ხალხის რბევის დასახიჩრების ცემისა და გატაცების ბრძანება. შესაბამისად, ამ საქმის ობიექტურობა, გამოძიების ობიექტურობა იმთავითვე გახდება ეჭვის ქვეშ და კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე გაირკვევა, რომ 99 პროცენტი მტკიცებულებების გახლავთ პოლიციის ჩვენებები. ეს ის ხალხია, რომლებიც ესროდნენ ქართულ საზოგადოებას, თხრიდა თვალებს, იტაცებდა, სცემდა და სჯიდა ამ ხალხს. ამის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ ვიდეო მტკიცებულებებს, სადაც ნახავთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს არანაირი განზრახვა დასაწყისში და დასასრულში არ ჰქონიათ პარლამენტში შეღწევის, მით უმეტეს ძალადობით. ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ ნათელი გახდება რომ ეს ხალხი იცავდა საქართველოს ინტერესებს და კავშირი, თითქოს და ჯგუფურ ძალადობაში არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.​

საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებას აქვს ყველა მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებენ დაკავებულთა ბრალეულობას.

„ჩვენ მტკიცებულების სახით წარმოვადგენთ დაზარალებულებს, მოწმეებს, ასევე იმ ვიდეო მასალას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მტკიცებულებას. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი გვაქვს არაერთი მტკიცებულება, სადაც ჩანს ბრალდებულთა მარლთსაწინააღმდეგო ქმედებები“, – განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.