საქართველოს თასის ფინალს გორი უმასპინძლებს
საქართველოს თასის ფინალს გორი უმასპინძლებს

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 2 დეკემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ამ გადაწყვეტილებით ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს პოლიტიკას, რომლის მიზანიც მნიშვნელოვან საფეხბურთო ღონისძიებებეში რეგიონების მაქსიმალური ჩართვაა: უკვე ზედიზედ მესამე სეზონია, რაც თასის ფინალი თბილისს გარეთ, რეგიონში ტარდება – გორამდე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ქუთაისსა და ზესტაფონში გაირკვა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს, გორის “თენგიზ ბურჯანაძე” 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის განახლდა და ამ ტურნირის რამდენიმე შეხვედრას უმასპინძლა, მათ შორის, ინგლისისა და პორტუგალიის ფინალურ მატჩს. 10 ნოემბერს, განახლებულ სტადიონზე პირველად ითამაშა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც. სტადიონმა უეფასგან მოწონება დაიმსახურა და ფეხბურთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

გორში თასისთვის ქუთაისის “ტორპდო” და საჩხერეს “ჩიხურა” იბრძოლებენ. შეხვედრა 15:15 საათზე დაიწყება – ფინალის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.