1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან დღეს 28 წელი გავიდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.
რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები.
დღეს ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 80 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.