1974 წლის 24 ივლისი: დღე, როდესაც საბერძნეთში დემოკრატია აღდგა

12:42, 25.07.2026
52 წლის წინათ, საბერძნეთმა დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია

52 წლის წინათ, საბერძნეთმა დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია

1974 წლის ივლისში საბერძნეთში განვითარებულმა მოვლენებმა სამუდამოდ შეცვალა ამ ქვეყნის უახლესი ისტორია. შვიდწლიანი სამხედრო დიქტატურის დამხობა, რომელიც საბერძნეთში 1967 წელს დამყარდა, ღრმა ეროვნული კრიზისის ფონზე მოხდა. დიქტატურიდან დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში კატალიზატორის როლი კვიპროსში თურქეთის შეჭრამ შეასრულა, რამაც რეჟიმის მყისიერი კოლაფსი გამოიწვია.

 

24 ივლისის გამთენიისას პარიზიდან ათენში კონსტანტინოს კარამანლისის დაბრუნებამ საბერძნეთის უახლეს ისტორიაში საპარლამენტო დემოკრატიის ყველაზე ხანგრძლივ, სტაბილურ და მშვიდობიან პერიოდს ჩაუყარა საფუძველი.

კრახის წინაპირობები

დიქტატორული რეჟიმის „ლპობის“ პროცესი 1973 წლიდან უკვე იგრძნობოდა. ინფლაციამ, საერთაშორისო იზოლაციამ და ქვეყნის შიგნით მზარდმა უკმაყოფილებამ სამხედრო ხუნტას საძირკველი გამოაცალა. 1973 წლის ნოემბერში პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყებამ და მისმა ძალადობრივმა ჩახშობამ რეჟიმის გამოუვალი მდგომარეობა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ბრიგადის გენერალ დიმიტრიოს იოანიდისის მიერ გეორგიოს პაპადოპულოსის დამხობამ სტაბილურობა ვერ მოიტანა, პირიქით – 1974 წლის 15 ივლისს მან კვიპროსში მთავარეპისკოპოს მაკარიოსის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო გადატრიალება გამოიწვია.

ამ გადატრიალებამ თურქეთს 20 ივლისს კუნძულზე სამხედრო შეჭრის საბაბი მისცა. სრული ეროვნული კატასტროფის საფრთხის წინაშე აღმოჩენილი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ძალაუფლება პოლიტიკოსებისთვის გადაეცა.

არჩევანი კარამანლისზე შეჩერდა

ხუნტის მიერ პრეზიდენტად დანიშნულმა გენერალმა ფაიდონ გიზიკისმა 23 ივლისს საგანგებო შეხვედრა გამართა, რომელსაც ყოფილი პოლიტიკური ლიდერები (პანაგიოტის კანელოპულოსი, გეორგიოს მავროსი, ევანგელოს ავეროფი და სპიროს მარკეზინისი) და შეიარაღებული ძალების მეთაურები ესწრებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად განიხილებოდა სამოქალაქო მთავრობის ფორმირება პანაგიოტის კანელოპულოსის ხელმძღვანელობით, საბოლოოდ მოიწონეს წინადადებამ, რომ დაუყოვნებლივ მოეწვიათ კონსტანტინოს კარამანლისი, რომელიც 1963 წლიდან პარიზში ნებაყოფლობით ემიგრაციაში იმყოფებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენმა მას თავისი საპრეზიდენტო თვითმფრინავი დაუთმო.

ისტორიული მემკვიდრეობა

კარამანლისის მთავრობამ დემოკრატიის აღდგენის რთული პროცესი თავის თავის აიღო და ამავე დროს, კვიპროსში შექმნილი კრიტიკულ სიტუაციის დარეგულირებას შეუდგა.

24 ივლისი ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენის დღედ გამოცხადდა და ახლაც, ამ ამბებიდან 52 წლის შემდეგ, ის კვლავ ცოცხლობს ბერძნების კოლექტიურ მეხსიერებაში. ეს არ არის მხოლოდ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური თავისუფლებების დაბრუნების აღსანიშნავი სადღესასწაულო დღე, არამედ მუდმივი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატია მოითხოვს სიფხიზლეს, ინსტიტუციურ ანგარიშვალდებულებას და დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებას, რასაც საბერძნეთში სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი.

 

სტატიის ავტორი: საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახური (ERT News)

ფოტოს ავტორი: არისტოტელის სარიკოსტასი / საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERT) არქივიდან

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 24 ივლისი, 2026 წელი, 05:51 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი