საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები რუსთავის საფეხბურთო კომპლექსში შეკრებაზე გადავიდა, სადაც 31 იანვრის ჩათვლით ივარჯიშებს.
გუნდი ევროპის 2021/2022 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება. მე-10 შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ნორვეგიის, უელსის და კოსოვოს 19-წლამდელები არიან. მატჩების გამართვის სამი სავარაუდო თარიღი განიხილება: 2021 წლის 30 აგვისტო – 7 სექტემბერი, 4-12 ოქტომბერი, 8-16 ნოემბერი.
ჯგუფის კალენდარი და შეხვედრების მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს, ხოლო ევროპის ჩემპიონატს 2022 წლის ზაფხულში სლოვაკეთი უმასპინძლებს.
საინტერესოა, რომ სამწვრთნელო სტაფმა ნაკრებში 16 წლის თავდამსხმელი გიორგი ხაბულიანი გამოიძახა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი იანვარში „თელავში“ ჩაირიცხა, ხოლო გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში დებიუტი თბილისის „მერანში“ ჰქონდა, რომლის ფორმითაც 10 მატჩი ჩაატარა და ყველაზე პატარა ასაკის ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც 2020 წელს ლიგაში ითამაშა.
ხაბულიანი „საბურთალოში“ თამაშობდა, ორი წელი კი ესპანეთში, ბარსელონაში, მარჩეტის აკადემიაში ვარჯიშობდა, იყო საქართველოს 15 და 16-წლამდელთა ნაკრებების წევრი.