19-წლამდელებმა ხორვატია დაამარცხეს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გამოსვლა დაასრულა. მესამე ტურში ჩვენი გუნდი მასპინძელს, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ნაკრებს გაძევებული ნიკა ცხოვრებაშვილი და მეკარე ლუკა ხარატიშვილი დააკლდა, რომლებმაც ყვითელი ბარათების გამო დაისვენეს. განაცხადში არ იყო მეორე მეკარეც. წითელი ბარათი პირველ მატჩში გიორგი ჩხეტიანმა და ნიკამ სიხარულაშვილმაც მიიღეს, მაგრამ ერთი მატჩი გამოტოვეს და ამჯერად, ძირითადში ვიხილეთ.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე ბევრად უკეთ ჩაატარა და ანგარიში 77- წუთზე გახსნა. ლუკა წულუკიძემ გადაცემა გაატარა, გიზო მამაგეიშვილმა კი ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა.
90+4-ე წუთზე ჩვენს გუნდს მეორ გოლის გატანის რეალური შანსიც მიეცა. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ლუკა წულუკიძემ მეკარის წინ გიორგი გვიშიანი დატოვა, მაგრამ მან ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ მოიგო – 1:0.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში რუმინეთი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური წინასწარ მოიპოვა, ისლანდიასთან 0:3 დამარცხდა. ისლანდიამ ოთხი ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმაც ოთხი ქულა მოიპოვა, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობით ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა, მასპინძელი ხორვატია კი სამი ქულით ბოლო პოზიციაზე დარჩა, რაც სენსაციაა.