ევრო 2024 | საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე პირველი შეხვედრა შოტლანდიაში წააგო #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე პირველი შეხვედრა შოტლანდიაში წააგო #1TVSPORT

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მესამე ტურის შეხვედრა გლაზგოში ჯგუფის ლიდერთან, შოტლანდიასთან გამართა და 0:2 დამარცხდა.

 

 

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კვიპროსთან მატჩის სქემა (3-4-2-1) უცვლელი დატოვა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ოთხი მოთამაშე შეცვალა. ძირითადში გამოჩდნენ საბა კვერკველია, ლაშა დვალი, ლუკა გაგნიძე და საბა ლობჟანიძე. ოთარ კაკაბაძე შემადგენლობაში დარჩა, მაგრამ ცენტრალური მცველის ნაცვლად, მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა.

თამაში მძიმე პირობებში დაიწყო – კოკისპირული წვიმის გამო მოედანზე წყალი დადგა და ბურთის გაგორება შეუძლებელი გახდა. მე-6 წუთზე შოტლანდიელებმა კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში გახსნეს – გოლი კალუმ მაკგრეგორმა გაიტანა.

ამის შემდეგ უნგრელმა არბიტრმა იშტვან ვადმა თამაში 20 წუთით შეაჩერა, მაგრამ პაუზა საათ-ნახევარი გაგრძელდა და მატჩი საბოლოოდ საქართველოს დროით 00:34 წუთზე განახლდა.

პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარი კი შოტლანდიელებმა კარგად დაიწყეს და მეორე გოლიც სწრაფად გაიტანეს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ ძლიერი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

შოტლანდიელები თამაშს კარგად აკონტროლებდნენ და ვილი სანიოლმა შეხვედრის გადასარჩენად მოედანზე ზივზივაძე, გოჩოლეიშვილი და ოდნავ მოგვიანებით დავითაშვილი შეიყვანა, სათამაშო სქემა კი 4-4-2-ით შეცვალა. საქართველოს ნაკრები ოდნავ გააქტიურდა, საგოლე მომენტი ჰქონდა მიქაუტაძეს, მაგრამ სასურველი შედეგი ვერც ამის შემდეგ მივიღეთ.

არბიტრის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე საქართველოს ნაკრებს ანგარიშის შემცირების შანსი მიეცა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა და საბოლოოდ შოტლანდიელებმა შესარჩევ ჯგუფში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს., საქართველოს ნაკრებმა კი მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი შეხვედრა წააგო.