17 წლის სიგუა და საქართველოს ნაკრების რეკორდსმენები - ანანიძის და ყენიას შედეგები კვლავ მიუწვდომელია #1TVSPORT
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში მარტის მატჩებისთვის „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა გამოიძახა, რომელიც 17 წლისაა. თუმცა, ის არ არის ყველაზე მცირეწლოვანი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში მიუწვევიათ. 17 წლის ასაკში საქართველოს ნაკრებში საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს უთამაშია – ოთარ ხიზანეიშვილს, ზურაბ ხიზანიშვილს, ლევან მჭედლიძეს, გიორგი განუგრავას, რატი წინამძღვრიშვილს და გიორგი მაკარიძეს.
ყველაზე პატარა ასაკის მოთამაშეები კი, რომლებსაც „ჯვაროსნების“ ფორმა მოურგიათ, ჯანო ანანიძე და ლევან ყენია არიან. ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ნაკრების ფორმით სადებიუტო მატჩს დროს ორივე 16 წლის იყო.
ჯანო ანანიძის დებიუტი (1992 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა) 2009 წლის 5 სექტემბერს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში იტალიის ნაკრებთან შედგა და ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. 17 წელი ამ მატჩიდან 45 დღეში შესრულდა, ე.ი თამაშის დღეს 16 წლის და 320 დღის იყო.
ლევან ყენია 1990 წლის 18 ოქტომბერს არის დაბადებული. ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა სადებიუტო მატჩი 2007 წლის 8 სექტემბერს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარა. ამ დროს 16 წლის და 325 დღის იყო.