17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდი სერბეთთან მარცხით დაიწყო #1TVSPORT
17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდი სერბეთთან მარცხით დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი შეხვედრა სერბეთთან გამართა და 0:2 დამარცხდა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი ქუთაისში გამართულ თამაშამდე გაუთვალისწინებელ პრობლემას წააწყდა – ვირუსის გამო სამი ფეხბურთელი გუნდს ვეღარ დაეხმარა, ხოლო კიდევ რამდენიმე მომჯობინდა, მაგრამ ამ თამაშისთვის მზად არ იყო.

საკადრო პრობლემები შედეგზე აისახა. უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, სერბეთის ნაკრებმა ანგარიში მეორე ნახევარში სწრაფად გახსნა. საქართველოს ნაკრების კარი „ცრვენა ზვეზდას“ თავდამსხმელმა, ალექსა ვასილიჩმა 49-ე წუთზე აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში ეფექტური გოლით 83-ე წუთზე ვასილიე კოტოვმა დააფიქსირა.

მატჩის მიწურულს, 90+5-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ვახტანგ სალიას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. ჩვენი გუნდის ლიდერი შემდეგ შეხვედრასაც გამოტოვებს, რომელსაც ქართველი 17-წლამდელები 23 მარტს თურქეთის ნაკრებთან გამართავენ.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში თურქეთის ნაკრები დანიას დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა 0:0. პირველი ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფში სერბეთი გალიდერდა, საქართველოს ნაკრები კი ჯერ მეოთხე ადგილზეა.